კონსტიტუციური სარჩელი

ომბუდსმენი ფარული მოსმენის შესახებ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

სახალხო დამცველი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკურ ხაზებთან, მაილსერვერებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებთან მუდმივი მიერთების, აგრეთვე სათანადო აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება-მონტაჟის და კავშირგაბმულობის არხში არსებულ მონაცემთა ბანკების კოპირების შესაძლებლობას აძლევს.

სარჩელში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა, ნათქვამია, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მე–14 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღება-გადაცემის ისეთ სფეროებზე პირდაპირ ზემოქმედებენ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება) უშუალოდ დაცულია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. მუდმივი მიერთება, სათანადო აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის მონტაჟი და საინფორმაციო ბანკების კოპირების შეუზღუდავი უფლება იმის შესაძლებლობას გულისხმობს, რომ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირებისა და დაცვის სივრციდან გასული, შეუზღუდავი უფლება გააჩნიათ. ეს სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას აძლევს, კომუნიკაციის და პირადი მონაცემების დაცულ სფეროზე, ანუ, პირადი მონაცემების შემცველ ინფორმაციაზე მუდმივად მიუწვდებოდეთ ხელი და  მის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, ვინაიდან კანონი რაიმე სახის კონტროლის ან ამ ძალაუფლების შეზღუდვის მექანიზმს არ ითვალისწინებს.

სარჩელის დასაბუთების მიხედვით, სადავო ნორმით ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვისადმი კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები დაცული არ არის. კერძოდ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მე-14 მუხლის სადავო დებულებებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სასამართლოს სანქციას არ საჭიროებს. კანონი, ასევე, არ უთითებს ოპერატიული ორგანოების მიერ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში გამოყენების თაობაზე, რაც სახალხო დამცველის აზრით, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენს და საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობაში მოდის.

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ძალისხმევას, ახლებურად დაარეგულიროს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული დებულებები. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს პარლამენტი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს მიიღებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი.

კომენტარები