წინასაარჩევნო გარემო

არასამთავრობოები: შსს-მ და პროკურატურამ აღკვეთონ საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლა

ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, რომ მათი წევრები კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა პარტიების სიების რეგისტრაციიდან მოხსნას ისახავს მიზნად. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მსგავსმა ფაქტებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო და ამ ეტაპზე, მათთვის ცნობილია ხუთი რეგიონის ათ ოლქში მომხდარი მსგავსი შემთხვევის შესახებ.

"გარდა იმისა, რომ ადამიანის მიმართ მუქარა და ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა სხვა საფრთხეებიც შექმნას. კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, პარტიულ სიაში კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, შესაძლოა პარტია რეგისტრაციიდან საერთოდ მოხსნან. კანონით ამ მხრივ შემდეგი კრიტერიუმებია დადგენილი: თუ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, სიაში მინიმუმ 15 კანდიდატი უნდა იყოს, ხოლო თუ 75 000-ზე ნაკლები, მაშინ – მინიმუმ 10 კანდიდატი. საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა, რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ზემოაღნიშნულ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუქმდება პარტიული სიის საარჩევნო რეგისტრაცია ანუ პარტია, ამ საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“ - ნათქვამია საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და სამართლიანი არჩევნების განცხადებაში. ორგანიზაციები შსს-ს, პროკურატურას, უწყებათაშორის კომისიას, პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართავენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარ პროკურატურა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და აღკვეთონ საარჩევნო კანდიდატებსა თუ პარტიების აქტივისტებზე ყოველგვარი ზეწოლა. გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა შემთხვევაშიც სამართალდამცავ ორგანოებს კანონი გამოძიების დაწყების ვალდებულებას აკისრებს. ამასთან, საკითხის მნიშვნელობისა და სავარაუდო მასშტაბების გათვალისწინებით, აუცილებელია, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დაუყოვნებლივ იქნენ მიცემულნი ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოძებით გამოიკვეთება. შეისწავლონ არსებული დანაშაულის ნიშნები და, საჭიროების შემთხვევაში, გაატარონ კანონით გათვალისწინებული სანქციები“ - აცხადებენ ორგანიზაციები და უწყებათაშორის კომისიას მოუწოდებენ, შეისწავლოს კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართოს სამართალდამცავ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებმა არ გადაამეტონ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, რამაც შესაძლოა მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვიოს; პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ყველა მსგავს შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, საქმის კურსში ჩააყენონ საზოგადოება“ - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

აქვე, ორგანიზაციები აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელ ოლქში რომელი პარტიის წევრებმა მოხსნეს საკუთარი კანდიდატურა. მათი ცნობით, დმანისში, სადაც პროპორციულ სიაში კანდიდატთა მინიმუმი 10 ადამიანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 15-კანდიდატიან სიაში თავდაპირველად ხუთმა კანდიდატმა (ალმაზ რამზანოვი, ელმურაზ გასანოვი, შახვადინ კოჯაევი, სტამბულ ყურბანოვი, მახმუდ ოვჩიევი) მოხსნა კანდიდატურა. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთი კანდიდატის უარი სიის გაუქმებას გამოიწვევდა, თუმცა, ყურბან მამედოვმა კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა და, ამ მომენტისთვის, საარჩევნო სიის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი არ არსებობს. თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამედოვი ყოყმანობს და აცხადებს, რომ ურჩევნია, არ იყოს პარტიის სიაში. დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი უკვე შეწუხებული არიან დაფარული ტელეფონის ნომრიდან მიღებული ზარებით.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ დმანისში პრობლემები აქვს ასევე ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, სადაც მათ კანდიდატებსაც აიძულებენ, დაწერონ განცხადება რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. პოლიტიკური გაერთიანება ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან (ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია) ხუთმა კანდიდატმა მოხსნა რეგისტრაცია (ანდიაშვილი გიორგი - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც, ელდარ ფაქელიანი - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც, დავით ოგნაძე - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც, ლია ფილფანი - პარტიულ სიაში, მაჰმედ მაჰმუდოვი - მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაშიც)  რის შედეგადაც, პარტიას გაუუქმდა პარტიული სია და ისინი ვერ შეძლებენ პროპორციული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

წალკაში საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარაკოვის თემში ლეონ მიქაელიანმა და სარვანის თემში გულარა მამედოვამ. ამ უკანასკნელს განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა კანდიდატურის მოხსნის თაობაზე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს უკვე შეატყობინა.

მარნეულში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ახმედ იმამ ყულიევი ადასტურებს, რომ მას ახლობლის მეშვეობით შეუთვალეს მოეხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ასახელებს, ვისგან მოდიოდა აღნიშნული შეტყობინება.

თეთრიწყაროში კანდიდატურები მოხსნეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა -ჯანიკო გულუაშვილმა და მანგლისისმაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ბადალაშვილმა, რომელიც პარტიის სიის მე-5 ნომერი იყო.

არასამთავრობოების ინფორმაციითვე, ახალციხეშიც არანაკლებ 10 კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს სიაში. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს გზა 11 კანდიდატისგან შემდგარი სია წარადგინა. რამდენიმე დღეში პარტიის სამმა კანდიდატმა (მანანა იაძე, იოსებ ასპანიძე, ნინო ნარიმანიძე) მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რაც პარტიის პარტიული სიის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა. ასევე, პარტიის ინფორმაციით, ზეწოლის შედეგად საქართველოს გზის ორმა მაჟორიტარმა (იოსებ მარტინენკო, ალეკო თამარაძე) კანდიდატმაც განაცხადა საკუთარი კანდიდატურის გაუქმების შესახებ. საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალციხის მაჟორიტარობის კანდიდატმა და პროპორციული სიის მე-12 ნომერმა მალხაზ ივანიძემ. ბორჯომში საკუთარი კანდიდატურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა ივანე გელაშვილმა მოხსნა. იგი დარჩა პროპორციულ სიაში, თუმცა კონკურენციას ვერ გაუწევს სხვა პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებს. ადიგენში რამაზ მერაბიშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უდის თემის მაჟორიტარობის კანდიდატმა და სიის მე-2 ნომერმა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ახალქალაქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გენადი ზედგინიძემაც საეჭვო ვითარებაში მოხსნა საკუთარ კანდიდატურა.

"სახალხო პარტიის მცხეთის წარმომადგენლის ლაშა ბოლოთაშვილის ინფორმაციით, მცხეთაში სახალხო პარტიის პროპორციული სიის სამმა (გიორგი გიგინეიშვილი, ილია ოსეფაშვილი, მამუკა მახარაშვილი) და მაჟორიტარობის ერთმა კანდიდატმა (დავით ოსეფაშვილი) განცხადებით მიმართეს პარტიას საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე. მისივე თქმით, კანდიდატებზე ზეწოლა მცხეთის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განახორციელა. დედოფლისწყაროში, სოფელ სამთაწყაროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი პაატა ნადირაძის განცხადებით, კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით მათზე ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებდა ზეწოლას. მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, მას ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობს, პრობლემა შეექმნებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატის ემზარ ჯანაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას დაემუქრნენ, რომ თუ საკუთარი ნებით არ მოეხსნის კანდიდატურას, მისი მეუღლე, რომელიც შპს „სოკარ ჯორჯიას" თანამშრომელია, სამსახურს დაკარგავს. ლენტეხში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა იულონ ტვილდიანმა საეჭვო ვითარებაში მოხსნა კანდიდატურა" - აღნიშნავენ არასამთავრობოები.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ რამდენიმე დღეა საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მათი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და გამგებლობის კანდიდატების, ასევე პარტიული სიების წარდგენის ვადის დასრულების (16 მაისი) შემდეგ, ხელისუფლებამ საარჩევნო ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ფორმა დაიწყო. პარტიის შეფასებით, ხელისუფლება ზეწოლას ახდენს უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატებზე, რათა მათ საკუთარი სურვილით თქვან უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. 

კომენტარები