ფანჯიკიძე აშშ-ში

მაია ფანჯიკიძე ვიქტორია ნულანდს შეხვდა

Maia Panjikidze Official/Facebook.com

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის 27 ივნისს დაგეგმილ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. მხარეებმა განიხილეს საქართველო-NATO-ს თანამშრომლობის საკითხები. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაია ფანჯიკიძემ და ვიქტორია ნულანდმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის საკითხზე. უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს გაეროში საქართველოს რეზოლუციას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდგომ ქვეყანაში კონტინგენტის შენარჩუნების შესახებ. მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზაობა, განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ამ უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში.

"საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო დასტური, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას, მის წამოწყებებს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. 

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდება. 

კომენტარები