პრემიერი გერმანიაში

ირაკლი ღარიბაშვილი ჰერმან ვან რომპუის მიწვევით გერმანიას ესტუმრა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის მიწვევით გერმანიას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური ანგელა მერკელმა სამუშაო სადილზე მიიწვია, რომელსაც უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი და მოლდოვას პრემიერმინისტრი იური ლეანკა დაესწრებიან. გაკეთდება ერთობლივი განცხადება მედიისთვის.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 29 მაისს აახენის საკათედრო ტაძარში მესას დაესწრება, რის შემდეგაც აახენის მერიის სახელით მიღება გაიმართება. 2014 წლის აახენის კარლს პრაისის დაჯილდოების ცერემონიაზე კი, საქართველოს პრემიერი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ერთად, სიტყვით გამოვა. 

"კარლოს დიდის სახელობის ჯილდო საპატიო ჯილდოა და გადაეცემა ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდო 1950 წელს დაწესდა და კარლოს დიდის სახელს ატარებს, რადგან იგი ევროპის პირველ გამაერთიანებლად ითვლება.
2014 წლის 29 მაისს კარლოს დიდი სახელობის ჯილდო ევროპული საბჭოს პირველ პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის გადაეცემა ევროპის კონსოლიდაციისა და ევროკავშირის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის" - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

კომენტარები