უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

საგარეო უწყება უკრაინაში არჩევნების ჩატარებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას მიესალმება. უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება უკრაინაში წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას, რომელზეც, ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ახალი პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენს უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციისაკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ქვეყნის კონსოლიდაციისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისაკენ, სადაც უკრაინის ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები სრულად იქნება დაცული. ამასთან, არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უკრაინის მოქალაქეთა მტკიცე არჩევანი იცხოვრონ ერთიან, მშვიდობიან, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში, განახორციელონ რეფორმები და შეუქცევადად განაგრძონ ევროინტეგრაციის პროცესი. გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინა გადალახავს ყველა არსებულ სირთულეს და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმატებებს უსურვებს უკრაინის ხელისუფლებას და ადასტურებს მზადყოფნას, განაგრძოს უკრაინასთან ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება" - აცხადებს საგარეო უწყება.

კომენტარები