უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მარგველაშვილი პოროშენკომ ინაუგურაციაზე მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის არჩეული პრეზიდენტისგან პეტრო პოროშენკოსგან ინაუგურაციაზე მიწვევა მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს გიორგი მარგველაშვილი პოროშენკოს ტელეფონით ესაუბრა და გამარჯვება მიულოცა.

"პეტრო პოროშენკოსთან საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უკრაინაში სტაბილურობის მომტანი უნდა გახდეს. ქვეყნის პირველმა პირმა უკრაინელ კოლეგასთან ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლური კავშირის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პროგრესული ხელმძღვანელობის ლიდერობით უკრაინა და საქართველო ერთად განაგრძობენ სვლას ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ გზაზე. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მილოცვისთვის და გიორგი მარგველაშვილი ინაუგურაციაზე მიიწვია" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს ჩატარდა. პეტრო პოროშენკომ ხმების 54%-ზე მეტი მიიღო.

კომენტარები