უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

გიორგი მარგველაშვილი პეტრო პოროშენკოს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

"თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას უკრაინასთან, რომელთანაც მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობა და ტრადიციული მეგობრობა გვაკავშირებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი საერთო მიზანი - ევროპული არჩევანი, რომლისკენაც საქართველო და უკრაინა მტკიცე ნაბიჯებით განაგრძობენ სვლას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის სწრაფვა ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კონსოლიდაციისაკენ, ასევე მკაფიოდ წარმოაჩინა უკრაინის მოქალაქეთა ურყევი ნება, გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დიდ ევროპულ ოჯახში. მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინელი ხალხის გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს. თქვენო აღმატებულებავ, მინდა კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებები თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, პეტრო პოროშენკო 54%-ით ლიდერობს.

კომენტარები