ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა და პარლამენტი ძალიან შეხმატკბილებულად მოქმედებენ. დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება პრემიერმინისტრს გადასცა. დეპუტატის თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას. დოლიძის აზრით, ეს არის ზედმეტად აჟიტირებული თემა.
"გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობა, პარლამენტი ძალიან შეხმატკბილებულად, კოორდინირებულად მოქმედებენ და იმოქმედებენ ამ შეთანხმების მომავალში ხორცშესხმის თვალსაზრისით", - აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერმინისტრს გადასცა.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.





