უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: უკრაინის არჩევნები ევროპაში ვითარების დალაგების წინაპირობაა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინაში ჩატარებული არჩევნები უკრაინაში და ევროპაში ვითარების დალაგების წინაპირობაა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე უთხრა.

"ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ მხარი დავუჭირეთ უკრაინის არჩევნებს. გვიხარია, რომ ეს არჩევნები ჩატარდა. ეს არის წინაპირობა უკრაინაში და ევროპაში ვითარების დალაგების", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და უკრაინელ ხალხს ჩატარებული არჩევნები მიულოცა.

“უკრაინის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი დღე უკრაინელი ხალხის ცხოვრებაში. მე ვულოცავ უკრაინელ ხალხს ჩატარებულ არჩევნებს. საქართველო მხარს უჭერს ახალ უკრაინულ ხელისუფლებას. მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებით იწყება უკრაინაში ვითარების სტაბილიზაცია და მეტიც, ევროპის მასშტაბით ვითარების სტაბილიზაცია”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნების პირველსავე ტურში პეტრო პოროშენკო იმარჯვებს, რომელმაც ხმების 54%-ზე მეტი მოაგროვა. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო გავიდა, ხმების 13%-ით. მესამეზე კი, 8.5%-ით, ოლეგ ლიაშკო.

კომენტარები