საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა უკრაინის დროით 20:00 საათზე დასრულდება

Reuters

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. ხმის მისაცემად 36 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღმოსავლეთ რეგიონებში კი პრორუსი სეპარატისტები არჩევნების პროცესს ხელს უშლიან, ისინი საარჩევნო ურნებს ამტვრევენ. რამდენიმე საარჩევნო უბანი საერთოდ არ გახსნილა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. იქ მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეები ხმას სხვა რეგიონებში აძლევენ.

არჩევნებში ფავორიტ საპრეზიდენტო კანდიდატად პეტრო პოროშენკო მიიჩნევა. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო.

"ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანა დაყო. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, გავაერთიანოთ ქვეყანა. მალე შევწყვეტთ ომს, შევწყვეტთ კორუფციას, დავიწყებთ ევროინტეგრაციას და დემოკრატიას დავამყარებთ ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის მოთხოვნები და გავწევრიანდეთ მასში. ყირიმი ყოველთვის იყო და იქნება უკრაინული ტერიტორია. არავინ ფიქრობს, რომ იქ რეფერენდუმი კანონიერად ჩატარდა", - აღნიშნა პოროშენკომ.

პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა ხალხს არჩევნებში მონაწილეობისა და ”უკრაინის დაცვისკენ” მოუწოდა. მისივე თქმით, პრორუსული ძალები არჩევნების ჩაშლას ვერ შეძლებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად მიმდინარეობს კიევის მერის, ხოლო ზოგიერთ რეგიონში კი თვითმმართველობის არჩევნები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სლავიანსკის მახლობლად, სოფელ ანდრეევკაში იტალიელი ჟურნალისტი ანდრეა როჩელი და მისი თარჯიმანი, რუსეთის მოქალაქე ანდრეი მირონოვი მოკლეს. დონეცკის ოლქის ქალაქ სნეჟნოეში კი მერობის კანდიდატი ანდრეი ისკრა გაიტაცეს. უსაფრთხოების მიზნით, ეუთომ რეგიონიდან დამკვირვებლები გაიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი სატელეფონო საუბარში უკრაინაში არჩევნების მშვიდად ჩატარებაზე ისაუბრეს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა კი უკრაინელებს მიმართა.

”მინდა, მთლიანი უკრაინის ამომრჩეველს მივესალმო. თქვენთვის საპრეზიდენტო არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იყავით მზად იმისთვის, რომ აირჩიოთ ლიდერი, ვინც ქვეყნის მომავალზე იზრუნებს. ევროპის ქვეყნები მხარს ვუჭერთ უკრაინელების მისწრაფებებს დემოკრატის, კანონის უზენაესობისკენ და ტერიტორიული მთლიანობისკენ. ვაფასებთ თქვენს მუშაობას მშვიდობისთვის. თქვენ ევროპის ნაწილი ხართ”, - ამბობს კარლ ბილდტი მიმართვაში.

ხმის მიცემა უკრაინის დროით 20:00 საათზე დასრულდება. საპრეზიდენტო არჩევნებში თუ რომელიმე კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური ივნისში დაინიშნება. 

კომენტარები