ჟვანია: თავი შეიკავეთ ქმედებისგან, რაც საარჩევნო კამპანიას ხელს უშლის

pirveliradio.ge

რუსთავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია განცხადებას ავრცელებს. ის ყველა საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს მიმართავს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისგან, რომელიც საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობას შეიცავს.

"მნიშვნელოვანია, საარჩევნო სუბიექტებმა არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც დააზიანებს საარჩევნო გარემოს და თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს", - ნათქვამია თამარ ჟვანიას განცხადებაში.

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესის მიმდინარეობას და აღნიშნული მიზნის ეფექტური განხორციელება უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ოფისთან ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი, ფიზიკურად. სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ ვითარება განიმუხტა.

კომენტარები