პრემიერი რეგიონებში

პრემიერმა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პროექტები მოინახულა

facebook.com/GaribashviliOfficial

რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთთან დამაკავშირებელი კარწახის მშენებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი მოინახულა. პრემიერს მშენებლობის ვადები და ტექნიკური დეტალები ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააცნო. მისი თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.

პრემიერმინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მშენებარე მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანიც მოინახულა.

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ საროსა და ჩადუნაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რაიონებში სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება მოხდეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ირაკლი ღარიბაშვილს სარწყავი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრა სთხოვეს, რაზეც პრემიერისგან თანხმობა მიიღეს. 

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ბორჯომსა და ლიკანში მშენებარე სასტუმროები, ინტერკონტინენტალი და რიქსოსი ლიკანი დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნის რეაბილიტაცია-რენოვაციის პროცესსაც გაეცნო, რის შემდეგაც დიპლომატიური ტურის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მყოფ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა დიპლომატებს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო. 

კომენტარები