საქართველოს ეკონომიკა

როგორ აპირებს სახელმწიფო 46 მილიონად ქართული წარმოების ამუშავებას

სახელმწიფო პროგრამა - აწარმოე საქართველოში
facebook.com/AwarmoeSakartveloshi

19 მაისს გამართული პრეზენტაციის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობისათვის ახალი პროგრამა წარადგინა. 23 მაისს სახელმწიფო პროგრამა პარლამენტმა დაამტკიცა

პროგრამა მიმართული იქნება ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისაკენ და ფოკუსი იქნება ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული რეგიონებზე. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით ნატროშვილმა, ტაბულას უთხრა, რომ სახელმწიფო პროგრამის მიზანი წარმოებაზე მომართული ინდუსტრიების ხელშეწყობაა. მისი თქმით, პროგრამა ეფუძნება უკვე არსებული პრაქტიკას, შეღავათიანი აგროკრედიტი, მოდელს, რომლის ფარგლებშიც 350 მილიონ ლარზე მეტია გაცემული და 70 საწარმოზე მეტია შექმნილი. ნატროშვილის თქმით, განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, რომ პროგრამას დაემატება არა სასოფლო-სამეურნეო კომპონენტი (სამშენებლო მასალები, ქაღალდისა და მუყაოს წარმოება) და სესხის მაქსიმალური თანხა 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. 

2 მილიონ ლარამდე სესხის თანხის გაზრდა, სხვა მიზეზთა შორის, ასევე განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების (მეხორცეობა, მერძევეობა) სტიმულირების მცდელობამ, ამბობს ნატროშვილი. 

"აწარმოე საქართველოში" მიზანი იქნება რეგიონებში ახალი საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

ეკონომისტის, ლევან კალანდაძის შეფასებით, საექსპორტო პოტენციალის ათვისებას ამ პროგრამის ფარგლებში გახსნილი საწარმოები მასშტაბების გამო ნაკლებად შეძლებენ; დასავლეთის ქვეყნებში ექსპორტისათვის ის მაღალი სტანდარტებია საჭირო, რომელსაც ქართულ ბაზარზე არსებული მცირე და საშუალო საწარმოები სავარაუდოდ ვერ დააკმაყოფილებენ - ამბობს კალანდაძე - რუსეთის ბაზარი უფრო ხელშესახები ვარიანტია, თუმცა წარმოების მასშტაბები სავარაუდოდ რუსეთის მოთხოვნას ვერ გასწვდება. 

ეკონომისტის თქმით, არსებული პროგრამით ადგილობრივი ბაზრის დანაკლისის შევსება უფრო მოხდება. კალანდაძის, აზრით სახელისუფლებო ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ სასესხო კაპიტალის სიძვირიდან გამომდინარე შექმნას ისეთი პირობები, როდესაც მეწარმეები ისარგებლებენ შეღავათიანი სესხით, რომელსაც სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდნენ. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში, ამ პროგრამის შედეგად, ახალი ფირმების დაფუძნების ბუმს არ უნდა ველოდოთ. 

"ბიზნესმენები, რომელთაც უკვე აქვთ სხვადასხვა წარმოებები უბრალოდ გააფართოებენ მათ ან ახალ ფირმებს დაარეგისტრირებენ და გამოიყენებენ ამ რესურსს. არ მგონია, რომ იქნება მასშტაბური ბუმი ახალი სტარტაპებისა, უფრო იქნება რამდენიმე საჩვენებელი პროექტი" - ამბობს კალანდაძე. 

სამუშაო ადგილების მატების მხრივ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ციკოლია, აღნიშნავს, რომ თეორიულად, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, თითო საწარმო, რომლის დაფინანსებაც მოხდება 8 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის, თუმცა რთულია იმ ჯაჭვური ეფექტის განსაზღვრა, რომელიც საწარმოების დაფუძნების შედეგად დაიწყება. გარდა პირველადი სამუშაო ადგილებისა, შეიქმნება მეორადი სამუშაო ადგილები, რომელიც არის არსებული საწარმოების მომსახურების მოთხოვნიდან გამომდინარე. მისი თქმით, საბოლოოდ ეს შესაძლოა იყოს რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ტაბულას ასევე უთხრა, რომ მას შემდეგ რაც ბანკში შევა აპლილკაციები, მათ გათვლილი აქვთ, რომ თითო საწარმო უნდა იყოს 900 000-დან 1 100 000 დოლარამდე ღირებულების საწყისი კაპიტალის მქონე, ანუ საბოლოო პორტფოლიო გათვლილია რომ იყოს 70 000 000 დოლარის ფარგლებში, თუმცა მეტი სიზუსტისთვის უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. 

იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო სესხის პორტფოლიო 70 მილიონ დოლარს შეადგენს და თითო საწარმოს კაპიტალიზაცია საწყის ეტაპზე საშუალოდ 1 მილიონი დოლარი იქნება, ციკოლიას თქმით, სავარაუდოდ სახეზე გვექნება 70-დან 90-მდე ახალი საწარმო.

თეორიული გამოთვლების მიხედვით (თითო საწარმოზე საშუალოდ 8 ახალი სამუშაო ადგილი) 560-დან 720-მდე პირდაპირ სამუშაო ადგილს შექმნის. 

ეკონომისტი ლევან კალანდაძე უფრო ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი აზრით, მხოლოდ 200-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას უნდა ველოდეთ, რადგან სესხით უმეტესწილად უკვე არსებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოები ისარგებლებენ. 

პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან: 

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

  • ეს კომპონენტი ითვალისწინებს კომერციული საპროცენტო განაკვეთის 10%-ის დაფინანსებას. მაგალითად, თუ საწარმოს რისკიანობას ბანკი წელიწადში გაცემული სესხზე 15%-ად შეაფასებს, 15%-დან მოჭრილ 10%-ს სახელმწიფო გადაიხდის, დანარჩენ 5%-ს კი საწარმო. სახელმწიფო ასევე თანამონაწილეობას მიიღებს გირაოს თანხის 30%-ის დაფინანსების სახით. მაქსიმალური თანხა, რომელსაც გირაოს სახით სახელმწიფო დააფინანსებს 600 000 ამერიკული დოლარია, მინიმალური ზღვარი სახელმწიფოს არ აქვს.
  • სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით ნატროშვილის, თქმით, ბიზნესთან ასოცირებულ რისკებს თავის თავზე ბანკი იღებს. სახელმწიფო არ ერევა სესხის გაცემის პროცედურაში, გარდა იმ ძირითადი გაიდლაინების მიცემისა, თუ როგორი ტიპის ბიზნესი უნდა დაფინანსდეს და რა არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტი. 
  • დეფოლტის შემთხვევაში, თუ საწარმო ვეღარ ემსახურება სესხს, სახელმწიფო ავტომატურად წყვეტს სესხის პროცენტის დაფარვას და უკან ითხოვს გადახდილ თანხას. დავით ნატროშვილის თქმით, არსებული გამოცდილების პირობებში სესხების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული სესხია და თანხების უკან დაბრუნებასთან პრობლემა არ ყოფილა. გარდა ამისა, ნატროშვილის თქმით, ბანკი სესხის გაცემისასვე აზღვევს ბიზნესს შესაძლო ზარალისგან, რაც კიდევ უფრო ამცირებს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესთან ასოცირებულ რისკებს. 
  • იმ შემთხვევაშიც, როდესაც საწარმოს საბაზრო კაპიტალიზაცია აჭარბებს სესხის თანხას და ბიზნესი წარმატებულია, სახელმწიფო წყვეტს სესხის თანადაფინანსებას და ამას საკუთარ თავზე მთლიანად ბიზნესმენი იღებს. ნატროშვილის თქმით, სახელმწიფოს მიზანია ბიძგი მისცეს ინდუსტრიის განვითარებას და დაეხმაროს საწარმოს საწყის ეტაპზე, შემდგომ უკვე ის უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი და თავად მოემსახუროს საკუთარ სესხს.
  • ფინანსური კომპონენტისათვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ლარი, აქედან 30 მილიონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დანარჩენი 16 მილიონი კი სხვა ტიპის საწარმოების განსავითარებლად. 

ინფრასტრუქტურაზე  (უძრავი ქონებახელმისაწვდომობა

  • ინვესტორებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცემათ საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ამორტიზებული შენობა-ნაგებობები.
  • ქონების მართვის სააგენტოს მიერ წინასწარ შედგენილ ობიექტთა სიაში სულ 94 ობიექტია, აქედან 33 თბილისში, დანარჩენი 61 რეგიონებში. 
  • თბილისში არსებულ ობიექტთა საერთო ფართობი 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტია, საერთო ღირებულებით კი 17 მილიონ ლარს უახლოვდება, საშუალო ფასით 98 ლ/კვ.მ.
  • რეგიონებში არსებულ ობიექტთა (რუსთავის და სამცხე ჯავახეთის გამოკლებით გამოკლებით, სადაც ობიექტებზე საბაზრო ფასი არ არის მითითებული) საერთო ფართობი  1 300 000 კვ.მ-ს აღემატება, საერთო ფასი 9 300 000 ლარს, საშუალო ფასით 7 ლ/კვ.მ-ზე
  • რეგიონებში არსებულ ობიექტთა მისაღებად ინვესტორმა უნდა განახორციელოს არსებული უძრავი ქონების ღირებულების ფასზე მინიმუმ 4-ჯერ დიდი ინვესტიცია, თბილისში არსებული ობიექტებისათვის კი 6-ჯერ მეტი და ეს უძრავი ქონება უნდა გამოიყენოს სამეწარმეო საქმიანობისათვის. 
  • აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება პროგრამით გათვალისწინებულ 46 მილიონ ლარში არ შედის. 46 მილიონი ლარი მხოლოდ ფინანსური კომპონენტისთვის არის გათვალისწინებული.

საკონსულტაციო მომსახურება 

  • სახელმწიფო დაეხმარება ინვესტორებს შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოძიებაში, შესყიდვასა და საწარმოების მართვაში. ამაში ჩართული იქნებიან ქონების მართვისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოები. 
  • მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის, გიორგი ციკოლიას, თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ახალი კადრების დაქირავება პროგრამის განსახორციელებლად საჭირო არ იქნება. პროექტს მოემსახურებიან არსებული კადრები. სააგენტოს პროექტის მენეჯერები მოახდენენ ახალი საწარმოების პორტფოლიოს მართვასა და მონიტორინგს.
  • ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტს მოემსახურება ქონების მართვის სააგენტო. 
  • საკონსულტაციო მომსახურებას გასწევენ კერძო კომპანიები. 
  • დავით ნატროშვილის თქმით, საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტში ასევე შევა სესხის მიმღებთა დატრენინგება ბიზნესგეგმების დაწერასა და ბაზრების მოძებნაში, რასაც ეკონომისტი ლევან კალანდაძე პროგრამის წარმატების ერთერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევს. კალანდაძემ ტაბულას უთხრა, რომ გარდა ძვირიანი სასესხო კაპიტალისა ქართველი მეწარმეების ერთერთი მთავარი პრობლემა სწორედ გასაღების ბაზრების მოძიებაა. 

პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გამოეხმაურა.

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ ინციატივის სრულფასოვანი დაფინანსებისთვის აუცილებელი ფინანსური სახსრები საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თუ ხელისუფლებას რეალურად სურს ბიზნესის წახალისება, ამისთვის აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  • გადასახადების დაწევა
  • საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცა
  • მორატორიუმის დაწესება ეკონომიკური გარემოს ცვლილებებზე, რაც ხელს შეუწყობს სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას და ინვესტორებისათვის დაცულ საინვესტიციო არეალს

ეკონომიკის სტიმულირების ამ ხერხს ემხრობა ეკონომისტი ლევან კალანდაძეც. მისი აზრით, ბიზნესის წასახალისებლად ყველაზე სამართლიანი ხერხი საგადასახადო შეღავათებია. სხვა შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ბაზარზე შეიქმნება არაკონკურენტუნარიანი გარემო, სადაც რიგი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია იაფი რესურსები, რიგს კი საბაზრო განაკვეთით უწევს მუშაობა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით ნატროშვილის, თქმით კი, სახელმწიფო პროგრამა აჩქარებს იმ პროცესებს, რომელსაც ბაზარი საკუთარი რიტმით, მაგრამ უფრო ნელა ისედაც დაარეგულირებდა. სოფლის მეურნეობა კი იმიტომ გახდა პრიორიტეტული, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს და სწორედ ეს დარგი საჭიროებს სახელმწიფოს ყურადღებას. 

ინფორმაციისთვის, სოფლის მეურნეობისა და რეგიონალური საწარმოების სტიმულირების პროგრამა უშუალოდ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ინიციატივით მომზადდა.

კომენტარები