რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

რუსეთი საქართველოს ურჩევს, ევროკავშირთან ასოცირების შედეგებზე დაფიქრდეს

საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. ამის შესახებ 22 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

„ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ხალხის უფლებას, თავად გადაწყვიტოს ამა თუ იმ საერთაშორისო ფორმატთან შეერთების საკითხი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგების გაცნობიერება. ეს ეხება როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, ასევე ფინანსურ-ეკონომიკურ შედეგებს, რომლებზეც ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვიმუშაოთ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების გათვალისწინებით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, „ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში. ეს რაღაცაზე მეტყველებს. ყველა სახელმწიფომ უნდა გათვალოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის შედეგები და დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ზომები შეიძლება მიიღონ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც მათთან ორმხრივი შეთანხმებები აკავშირებთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შეშფოთებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებთ საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებთ.

„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის NATO-ში გასაწევრიანებლად. ისინი მოქმედებენ სრულ პოლიტიკურ ვაკუუმში ისე, რომ არ ფიქრობენ, რომ ამან, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას ზარალი მიაყენოს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

ლუკაშევიჩის თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და, მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები. მისი განცხადებით, "თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა“.

ლუკაშევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მიღწეული შედეგებით კმაყოფილია.

კომენტარები