ვენეციის კომისიის ვიზიტი

ვენეციის კომისიის დელეგაციამ საკონსტიტუციო კომისიასთან შეხვედრა დაასრულა

ვენეციის კომისიის დელეგაციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაასრულა.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის წევრები საკონსტიტუციო კომისიის ხუთივე სამუშაო ჯგუფს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. განხილვის საგანს წარმოადგენდა ის წინადადებები და მოსაზრებები, რაზეც კომისია ამ ეტაპზე მსჯელობს.

"ჯერჯერობით კომისიების მუშაობა იმ დონეზე არ არის, რომ ჩვენ მათი სამუშაო შევაჯამოთ. ვიმსჯელეთ ბევრი საკითხის თაობაზე. ვისაუბრეთ იმ წინადადებებზე, რომელიც ვენეციის კომისიამ საქართველოს ადრე შესთავაზა. მრავალი ამ საკითხთაგანი ახლებური კუთხით დადგა და განხილვის თემად იქცა. მეორეს მხრივ ჩვენ არ ვართ ის ორგანიზაცია, რომელიც ეტყვის საქართველოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ქვეყანამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავისი ეროვნული ინტერესებისა და გამოცდილების საფუძველზე. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ამის გაანალიზება", - აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა შეხვედრების დასრულების შემდეგ. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის თქმით კი, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს, როცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პროექტად ჩამოყალიბდება და ნორმატიული დოკუმენტის სახეს მიიღებს.

კომენტარები