ვენეციის კომისიის ვიზიტი

ბუკიკიო: საქართველომ კონსტიტუციის ფორმირებაში ბოლო წლებში დიდ პროგრესს მიაღწია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საქართველომ კონსტიტუციის ფორმირების პროცესში 90-იანი წლებიდან დღემდე დიდ პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ მან ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

”საქართველომ ბოლო წლებში დიდ პროგრესს მიაღწია. ჩვენ კონსტიტუციის რამდენიმე პუნქტი გამოვყავით, რომელიც გადახედვას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის მიერ შექმნილი საკონსტიტუციო კომისია ამ შენიშვნებზე მუშაობას მალე დაიწყებს. ხელისუფლების, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ შორის თანამშრომლობის საუკეთესო სულისკვეთებაა. ეს კი თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ახლა გჭირდებათ შეთანხმება და არა შურისძიება. ყველა პოლიტიკური ძალა სამოქალაქო სექტორი ერთად უნდა დადგეთ, რათა უკეთესი საზოგადოების შექმნა შეძლოთ. ამ სულისკვეთებით და ჩვენი მოკრძალებული დახმარებით, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ.

რთულია, როდესაც მართლმსაჯულებაში ხარვეზი არსებობს. ვენეციის კომისიამ უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ასეთი ტიპის კომისიის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ განაჩენდამდგარი საქმეების გადახედვას მხოლოდ მოსამართლეები და არა კომისიის წევრები მოახდენენ. კომისიამ მხოლოდ ფილტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს და მოახდინოს ისეთი საქმეების შერჩევა, რომლებიც მართლაც იმსახურებენ მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გადახედვას. ეს არის ჩვენი პოზიცია. როგორც იუსტიციის მინისტრთან საუბრისას გაირკვა, ეს კანონი ტექნიკური მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ არის მიღებული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იუსტიციის სამინისტროს, მინისტრისა და პარლამენტზეა დამოკიდებული. როგორც მითხრეს, ბიუჯეტის მიღების შემდეგ, საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება პროცედურები.” - თქვა ბუკიკიომ.

კომენტარები