NATO-საქართველოს ურთიერთობა

ლუკაშევიჩი: ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ირაკლი ალასანიას განცხადება

freethisworld.com

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას RIA NOVOST ავრცელებს.

"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის NATO-ში გასაწევრიანებლად. ისინი მოქმედებენ სრულ პოლიტიკურ ვაკუუმში ისე, რომ არ ფიქრობენ, რომ ამან, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას ზარალი მიაყენოს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით", – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

ლუკაშევიჩის თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები.

"თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა", – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტისას თქვა, რომ დასავლეთმა უნდა შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ალასანიას თქმით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ ისინი სერიოზულად უდგებიან საკითხს.

კომენტარები