პრემიერი ბელგიაში

პრემიერი: ისტორიამ გვასწავლა, რომ ნამდვილ თავისუფლებას იარაღით ვერ მოიპოვებ

საქართველოს დელეგაციამ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა ქართველმა მინისტრებმა ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გამართეს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საგანგებო მიღება მოეწყო. შეხვედრას ბელგიის ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

"თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ სოციალ-დემოკრატიულ წყობას. სამწუხაროდ, ამ დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელიწადს იარსება. 70 წელი დაგვჭირდა დამოუკიდებლობის აღსადგენად და ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ისტორიამ ჩვენს ხელისუფლებას ასწავლა, რომ ნამდვილ თავისუფლებას იარაღის ძალით ვერ მოიპოვებ. ამის ნაცვლად, მომავალი უნდა გავხადოთ უსაფრთხო, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ დემოკრატიულ საფუძვლებზე. ქართველმა ხალხმა აირჩია ეროპული და ევროალტანტიკური ინტეგრაცია, როგორც საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს შეესაბამება. მომავალ თვეს კი ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერი ბრიუსელში გუშინ შეხვდა ჟოზე მანუელ ბაროზოს. მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. დოკუმენტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას გულისხმობს.

კომენტარები