პრემიერი ბელგიაში

პრემიერი ჰარვარდის კლუბის წევრებს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრით დაიწყო. ვესტერლოს სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილს პრინცმა ლეონელ დე მეროდემ უმასპინძლა.

შეხვედრას ბიზნესსექტორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ვესტერლოს სასახლეში მიღებაზე იმყოფებოდა პრინცი ხუან ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვესტერლოს სასახლეში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პრინც მეროდეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსათვის. საქართველოს პრემიერმა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ "მალე შევუერთდებით ბელგიას ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო რეიტინგების თავში". ღარიბაშვილის თქმითვე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო საკვანძო ეტაპი, რომელიც საყოველთაოდ აღიარეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მსგავს წარმატებას მიაღწევს 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებშიც.

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლისას უკრაინის კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს თავად უნდა ჰქონდეს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება, ხოლო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ყველასთვის სავალდებულოა.

დღეს საქართველოს პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდება.

კომენტარები