საკონსტიტუციო კომისია

უსუფაშვილი: ჩვენ გვინდა უკეთესი კონსტიტუცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ჩვენ გვინდა უკეთესი კონსტიტუცია, უკეთესი იმ გაგებით, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის იყოს უკეთ გასაგები და უკეთ გათავისებული". ამის შესახებ ჟურნალისტებს უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ უთხრა. მან ვენეციის კომისიის ექსპერტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა გააცნო.

"საქართველოში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დაწყებულია. შექმნილია ხუთი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. ამ ეტაპზე ჩვენ დაგეგმილი გვქონდა კომისიის წევრებისგან და ყველა დაინტერესებული პირისგან მათი მოსაზრებების წარმოდგენა. ვენეციის კომისია, რომელიც ყოველთვის ჩართულია საკონსტიტუციო პროცესში, დღეს ჩამობრძანდა. წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის ხელმძღვანელები, ექსპერტები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ეს არის პირველი შეხვედრა, როცა სამუშაო ჯგუფები, მათი წევრები და ხელმძღვანელები ვენეციის კომისიის ექსპერტებს გააცნობენ იმ ჩამონათვალს, რაც ამ ხნის განმავლობაში თითოეულ ჯგუფში შეიქმნა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დახურული შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს გაეცნობიან პრობლემებს და შემდგეგ დაგეგმავენ კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. 

უსუფაშვილის ცნობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა წლის ბოლომდე - დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, სამუშაო ჯგუფები საქმიანობას შეწყვეტენ. სამუშაო ჯგუფები მუშაობას ივნისის მეორე ნახევრიდან განაახლებენ.

დღეს თბილისში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. მის მიზანს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გაცნობა წარმოადგენს.

დელეგაციას ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის წარმომადგენლები: ზია ცაგა ტენიარი, რეგინა კინერი, სლავიცა ბანიჩი, მაიკლ ფრენდო, ლუჩიან მიჰაი.

კომენტარები