ინიციატივა - აწარმოე საქართველოში

ენმ: ივანიშვილმა გარისკოს და ,,აწარმოე საქართველოში“ თავად დააფინანსოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ინიციატივას – ,,აწარმოე საქართველოში“ ეხმიანება.

"მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან შევიტყვეთ, რომ ინიციატივა ,,აწარმოე საქართველოში“ კერძო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მიერ გარანტიის გაცემას და საპროცენტო განაკვეთის 10%–ის დაფინანსებას გულისხმობს. პრემიერმინისტრი, ისევე, როგორც  მთავრობის სხვა წევრები აცხადებენ, რომ ამ გზით საქართველოს ყველა სოფელში თითო საწარმო შეიქმნება. ანუ, მთავრობა  თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს, საკუთარი ფულით ისეთი საწარმოების შექმნა დააფინანსონ, რომელთა დაფინანსებასაც ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები) ვერ რისკავენ - აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობა, - მოვუწოდებთ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, თავად გარისკოს და დააფინანსოს აღნიშნული წამოწყება თუ მიიჩნევს, რომ იგი ფინანსურად მომგებიანია. სხვა შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების ფულით თამაშს თავი დაანებოს".

ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს ეჭვს, რომ მთავრობის ინიციატივა  მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია.  როგორც ენმ-ს განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი ეჭვის საფუძველს ის გარემოება იძლევა, რომ ამ ინციატივის სრულფასოვანი დაფინანსებისთვის აუცილებელი ფინანსური სახსრები საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს.

„გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ უკვე არსებული ვალდებულებების დაფინანსების მიზნით, წელს, ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის, 1,6 მილიარდი ლარის სესხის აღება დაგეგმა. ამავე დროს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ თუ მთავრობა აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას მართლა დააპირებს, შედეგად მივიღებთ:  საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ფულის ფლანგვას; ახალ კორუფციულ გარიგებებს, რომლებშიც მაღალი ალბათობით კვლავ ქართული ოცნების ლიდერები, მათი ნათესავები და მეგობრები იქნებიან გარეულნი“, - აღნიშნულია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თუ ხელისუფლებას ბიზნესის წახალისება რეალურად სურს და ეს ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი არ არის, ამისთვის შემდეგი ნაბიჯებია აუცილებელი: გადასახადების დაწევა; საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; ეკონომიკური გარემოს ცვლილებებზე მორატორიუმის დაწესება.

კომენტარები