მამუკა ხერხეულიძის დაჭრა

მამუკა ხერხეულიძის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს, ბრალი დაზარალებულსაც წაუყენეს

შსს-მ მწერალ მამუკა ხერხეულიძის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. 1985 წელს დაბადებულ გიორგი ნ-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წაუყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, 1959 წელს დაბადებული მამუკა ხ. ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

გამოძიებამ ასევე ბრალი წაუყენა მამუკა ხერხეულიძეს. შსს-ს განცხადებით, მწერალს შემთხვევის დროს თან ჰქონდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. სამართალდამცველებმა მამუკა ხ-ს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება გიორგი ნ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხოლო მამუკა ხერხეულიძის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

მამუკა ხერხეულიძე პეტრიაშვილის ქუჩაზე, 14 მაისს დაჭრეს.

კომენტარები