მეწყერი დარიალის ხეობაში

ჭიკაიძე: ამ ეტაპზე, მყინვარი საფრთხეს არ წარმოადგენს

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, დარიალის ხეობაში მეწყერის გამეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
ჭიკაიძის თქმით, მყინვარი გეოლოგების, მთამსვლელების და მაშველების დაკვირვების ქვეშ არის.

"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იყო დაგეგმილი მუშაობა, თუმცა უამინდობის გამო, ეს ვერ მოხერხდა და სამუშაოები დილით, 06:00 საათიდან განახლდა. იჭრება ახალი არხი, სადაც მოხდება წყლის მიმართულების გადაგდება. ასევე ჩვენი მაშველების, გეოლოგებისა და ალპინისტების დაკვირვების ქვეშაა მყინვარი და ის ამ დროისთვის მორიგ საფრთხეს არ წარმოადგენს", - განაცხადა ჭიკაიძემ და აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში მუშაობა აქტიურად გრძელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სტიქიის გამომწვევი მიზეზი მყინვარის ფენების ინტენსიური მოძრაობაა.

უწყების განმარტებით, სპეციალისტების შეფასებით, აღნიშნული ტრაგედია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის - მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდორაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია.

კომენტარები