ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

არასაპარლამენტო ოპოზიცია: დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია

არასაპარლამენტო ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რუსთავში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დავით ჯიქიას რეგისტრაციიდან მოხსნას სთხოვს. საარჩევნო ბლოკმა ცესკოს საჩივარი გაუგზავნა, რომელშიც განმარტა, რომ ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია.

"ა/წ 17 მაისის განკარგულებით #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით საარჩევნო რეგისტრაციაში იქნა გატარებული საარჩევნო ბლოკი "ქართული ოცნებას" თვითმმართველი ქალაქის რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია. დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია (იგი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 2012 წლის ნოემბრამდე ჩართული იყო ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში), შესაბამისად, მისი რეგისტრაციით რუსთავის ოლქმა დაარღვია კანონი. საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 167-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბმისად: "მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში". მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებობს პრეცედენტიც, როდესაც ცესკოს 2014 წლის 22 აპრილის 70/2014 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება თვითმმართველი ქალაქის გორის მერობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველების გათვალისწინებით, გთხოვთ: საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტისა და 167-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე გაუუქმოთ რეგისტრაცია # 20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნებას მერობის კანდიდატს დავით ჯიქიას", - ნათქვამია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" შტაბის უფროსის მამუკა კაციტაძის მიერ ცესკოსთვის გაგზავნილ საჩივარში.

კომენტარები