მეწყერი დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობაში პრემიერი ჩავა - მისი დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა

www.facebook.com/iago.kazalikashvili

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. მთავრობის ადმინისტრაციის კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლის ლევან ღირსიაშვილის თქმით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერმინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

"როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა გამოიწვია. მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, სამაშველო და საგანგებო სამსახურები", - თქვა ღირსიაშვილმა და აღნიშნა, რომ პრემიერის დავალებით, დარიალის ხეობაში დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრებიც ჩავლენ.

კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტებიდან მოსახლეობის და მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

"ამ ეტაპზე კეთდება ყველა აუცილებელი და საგანგებო ღონისძიება, რის გამოც, პანიკის საფუძველი არ არსებობს", - თქვა ღირსიაშვილმა. 

დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამასთან, მთის მოწყვეტის შედეგად, მშენებარე ჰესის გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გვირაბში სამი სატვირთო ავტომანქანა და რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. 

დარიალის ხეობაში მეწყერის გამო, მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები