მეწყერი დარიალის ხეობაში

დარიალის ხეობაში მეწყერის გამო, სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყდა

facebook.com/iago.kazalikashvili

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტის გამო, ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტი შეწყდა. 

"ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, დილიდან ადგილზე მობილიზებულია საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მეწყერის შედეგად წაღებულია გზის დიდი ნაწილი. შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.
ავარიის გამო ინფორმირებულია, როგორც რუსული, ისე სომხური მხარე. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება. საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება", - აცხადებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. 
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამასთან, მთის მოწყვეტის შედეგად, მშენებარე ჰესის გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გვირაბში სამი სატვირთო ავტომანქანა და რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. 

დარიალის ხეობაში მეწყერის გამო, მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები