17 მაისი

არასამთავრობოები: იმედია, სახელმწიფო ადამიანის უფლებებს და სეკულარიზმს დაიცავს

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ დღეს სახელმწიფო სათანადოდ უპასუხებს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიიღებს ყველა ზომას ადამიანის უფლებებისა და სეკულარული სახელმწიფოს დაცვისათვის. ისინი ჰომოფობიასა და ტრანფობიასთან ბრძოლის დღეს წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებს, მედიას, აქციების ორგანიზატორებს და ლგბტ აქტივისტებს მიმართავენ.

არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებენ უზრუნველყოს ქუჩებში პოლიციის ინტენსიური პატრულირება, სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ამუშავება, სამინისტროს მხრიდან საკონტაქტო პირის გამოყოფა, რომელთანაც უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს მიეცემათ შეუზღუდავი და დროული კომუნიკაციის შესაძლებლობა. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ შსს-მ სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დროული და ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს, ხოლო შსს-ს თანამშრომლებმა ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ლგბტ პირთა მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ.

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკური განცხადებებით ხელი შეუწყონ უსაფრთხოების, მშვიდობისა და სამართლიანობის მხარდაჭერას და მოახდინონ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტური საპარლამენტო კონტროლი.

"პოლიტიკურმა პარტიებმა და ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ადეკვატური შეფასება მისცენ 17 მაისთან დაკავშირებულ მოვლენებს და არ შეუწყონ ხელი სიძულვილისა და ძალადობის ტირაჟირებას საზოგადოებაში, მით უფრო, წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით; მედიამ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით გააშუქოს 17 მაისთან დაკავშირებული მოვლენები, თავი შეიკავოს არასწორი და ორაზროვანი ინფორმაციისა და სიძულვილით მოტივირებული შეფასებების გავრცელებისგან; 17 მაისის დაგეგმილი შეკრებების ორგანიზატორებმა ხელი შეუწყონ აქციის მონაწილეების მიერ საჯარო წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვას. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია, მათ მიიღონ ყველა ზომა აქციის მონაწილეების მშვიდობიანი განზრახვებისა და ქცევის შენარჩუნებისათვის; ლგბტ აქტივისტებმა გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისაგან, რომელმაც შეიძლება ძალადობის პროვოცირება მოახდინოს" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ 2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში.

"სამწუხაროდ, მაშინ სახელმწიფომ ვერ შეძლო აიდაჰოს აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპის დაცვა. გამოვლენილი ძალადობის აღკვეთისა და კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების დასჯის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებულმა არაეფექტურმა პოლიტიკამ, მომდევნო პერიოდში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის (მათ შორის, რელიგიური უმცირესობების) მიმართ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ზრდა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, ასევე იმატა ლგბტ პირთა მიმართ ძალადობრივმა შემთხვევებმა. არსებულ ვითარებაში, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ძირითადი სათემო ორგანიზაციები იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ მიმდინარე წლის 17 მაისს აიდაჰოს დღის საჯარო აღნიშვნასა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე. ეს ერთი მხრივ, აჩვენებს ხელისუფლების სისუსტეს რეალურად დაიცვას ლგბტ პირთა გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ავლენს საზოგადოებაში ძალადობრივ და არასოლიდარულ განწყობებს, რაც სახელმწიფოს, ეკლესიის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სწორ გააზრებას მოითხოვს" - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMR); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); იდენტობა; ქალთა ფონდი საქართველოში; ფონდი ტასო; მედიის განვითარების ფონდი (MDF); კავშირი „საფარი“, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;

კომენტარები