წინასაარჩევნო გარემო

მთავრობის ადმინისტრაცია შესაძლოა დააჯარიმონ

radiotavisupleba.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთავრობის კანცელარიაში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმი შეადგინა. 22 აპრილის სხდომის შესახებ, სადაც მმართველი პარტიის წევრები და მთავრობის მეთაური საარჩევნო საკითხებზე მსჯელობდნენ, ცესკომ არასაპარლამენტო ოპოზიციის საჩივარი განიხილა.

"კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული შენობა არ შეიძლება გამოყნებული იყოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, სწორედ ამიტომ, საარჩევნო ბლოკმა - არასაპარლამენტო ოპოზიციამ ცესკო-ში პრემიერმინისტრის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერი გამოყენება გაასაჩივრა", - აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიცია და აღნიშნავს, რომ ცესკო-მ მათი საჩივარი დააკმაყოფილა. საარჩევნო ბლოკის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2 000 ლარით დააჯარიმებენ.

ცესკო-ს განმარტებით კი, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმი ნამდვილად არის შედგენილი, თუმცა "ობიექტი არის მთავრობის ადმინისტრაცია და არა კონკრეტულად პრემიერმინისტრი". რაც შეეხება დაჯარიმების საკითხს, ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ ამას კომისია არ წყვეტს, ოქმი იგზავნება სასამართლოში და გადაწყვეტილებას სწორედ სასამართლო მიიღებს. აღნიშნულის თაობაზე ცესკო დღეს განცხადებას გაავრცელებს.

საარჩევნო ბლოკ - არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის ცესკო-ში, თენგიზ ომანიძის შეფასებით, "ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ცესკო ადასტურებს, რომ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირი კანონდარღვევით აწარმოებს მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. იმედი გვაქვს, ცესკო-ს გადაწყვეტილების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს ეცოდინება სად არის მისი პარტიის ოფისი და სად - მთავრობის კანცელარია".

კომენტარები