NATO-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: პროგრესს მივაღწიეთ, რაც NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მოგვეთხოვებოდა

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის NATO-ს სამიტზე ადეკვატური ასახვის შესახებ ამ დღეებში რამდენიმე კომენტარი გავრცელდა. აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ განცხადებებს, რომელიც ბრატისლავაში NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  

ფანჯიკიძე ამბობს, რომ საქართველომ ბევრი მიმართულებით, არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ დემოკრატიის გაძლიერების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია. როგორც მინისტრი ამბობს, ეს ის პროგრესია, რომელიც საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მოეთხოვებოდა.

„ეს პროცესი კიდევ უფრო ვითარდება, შესაბამისად, ჩვენც, ისევე როგორც NATO-ს წევრი ქვეყნები და გენერალური მდივანი ველით, რომ ეს პროგრესი სამიტზე ადეკვატურად აისახება. მსჯელობა მიმდინარეობს, ეს რა ფორმით აისახება. ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს. NATO-ს სამიტამდე სამ თვეზე მეტია დარჩენილი, ამ პერიოდში კონკრეტული ფორმა ჩამოყალიბდება. ჩვენ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯით კმაყოფილები ვიქნებით“, - თქვა ფანჯიკიძემ.

NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს სლოვაკეთში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, ველოდოთ უელსის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ან რაიმე მნიშვნელოვან შეთავაზებას საქართველოსთვის?

რასმუსენმა კი უპასუხა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უელსის სამიტზე უნდა აისახოს, თუმცა, როგორ - ამაზე საუბარი ნაადრევია.

კომენტარები