ვითარება უკრაინაში

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს. სააგენტო როიტერის ცნობით, ახალ შავ სიაში 13 ადამიანი და რამდენიმე კომპანიაა, რომელთა საქმიანობა ყირიმის ანექსიას უკავშირდება. მინისტრებმა უკრაინაში, ე.წ. რეფერენდუმები დაგმეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის თქმით, რეფერენდუმს მსოფლიოს თვალში ნულოვანი ავტორიტეტი აქვს.

"ამ ე. წ. რეფერენდუმს მსოფლიოს თვალში ნულოვანი ავტორიტეტი აქვს. ის უკანონოა და ობიექტურობის, გამჭვირვალობის და სამართლიანობის არცერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. მათ ორგანიზატორებსაც ამ სტანდარტების დაცვის პრეტენზია არ გააჩნიათ", - აღნიშნა ჰეიგმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის თქმით კი, დიდი მნიშვნელობა 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ენიჭება.

"დიდ მნიშვნელობას უკრაინაში 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ვანიჭებთ. გვსურს, ვიხილოთ დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი. ასევე ე.წ. რეფერენდუმის საკითხებზეც ვიმსჯელებთ", - აღნიშნა ეშტონმა.

რუსეთი კი აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ლეგიტიმურად მიიჩნევს და კიევს აღმოსავლეთის რეგიონებთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის ნების გამოხატვას დონეცკსა და ლუგანსკში და ვვარაუდობთ, რომ ხმის მიცემის შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია ძალადობის რეციდივების გარეშე მოხდება, კიევის, დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებს შორის დიალოგის გზით. მნიშვნელოვანია ასეთი დიალოგის სტიმულირიება, მხარს ვუჭერთ საშუამავლო მისიას ამ მიმართულებით, მათ შორის, ეუთოს ხაზით", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი.

ე. წ. რეფერენდუმის შედეგებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოეხმაურა. საგანგებო განცხადებაში მან აღნიშნა, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობამ კიევის მხრიდან ძალადობის გამო მიიღო. იანუკოვიჩმა უკრაინის ხელისუფლებას აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონებიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა.

დონეცკის რეგიონში კი რეფერენდუმის შემდეგ მთელი ძალაუფლება საკუთარ თავზე სლავიანსკში მყოფი ტერორისტების მეთაურმა, იგორ სტრელკოვმა, იგივე გირკინმა აიღო. ამის შესახებ მის მიერვე გამოცემულ ბრძანებაშია ნათქვამი. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სტრელკოვი რუსული გრუ-ს ოფიცერია.

თავის მიმართვაში სეპარატისტების ლიდერი კიევს ულტიმატუმს უყენებს და დონეცკის ოლქიდან ჯარის 48 საათში გაყვანას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინელ ძალოვნებს განადგურებით ემუქრება. დონეცკის თვითმარქვია მმართველი სამხედრო დახმარებისთვის რუსეთს მიმართავს.

სეპარატისტების მონაცემებით, გუშინდელ ე.წ. რეფერენდუმზე დონეცკის ოლქში მონაწილეთა 89%-მა მხარი ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ლუგანსკის ოლქში კი უკრაინისგან გამოყოფას 94%-მა მისცა ხმა. კიევმა ამ რეფერენდუმს ფარსი უწოდა.

კომენტარები