NDI-ის კვლევა

მინისტრები - დარახველიძე, ზაქარეიშვილი და ყიფიანი NDI-ს კვლევებს არ ენდობიან

მინისტრთა კაბინეტის წევრები NDI-ის კვლევებს არ ენდობიან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის თქმით, ის საერთოდ არ ენდობა NDI-ის კვლევებს, რადგან კარგად ახსოვს, რომ NDI თავის დროზე ამბობდა, თითქოს ქართულ ოცნებას ჰქონდა 12%-იანი რეიტინგი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას – 60%-იანი, რომელიც შემდეგ არ დადასტურდა. მისივე შეფასებით, "NDI ამ პათოსით აგრძელებს საქმიანობას"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ადრეც და ახლაც ყოველთვის ამბობდა, რომ მისთვის ასეთი კვლევები ზოგადად სანდო არ იყო.

"თუ ადრე არ იყო სანდო, დღეს რატომ უნდა იყოს სანდო, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ვარ? ჩემთვის ერთნაირად ბევრ კითხვებს ბადებს ასეთი კვლევები. ზოგადად, რაც შეეხება ჩემს სამინისტროს, არ ვარ ეიფორიაში, რომ მაღალი რეიტინგი აქვს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, საჯაროდ არ ვთქვათ, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი ბენეფიციარები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც ჩვენგან გარკვეულ სიკეთეებს ღებულობენ, მაგრამ ამას ხმაური და ლაპარაკი არ უნდა", - თქვა ზაქარეიშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა კი აღნიშნა, რომ კვლევას არ იცნობს, მაგრამ ახსოვს NDI-ის გამოკითხვა.

"მახსოვს, არჩევნებზე როგორ გამოკვლევებს ატარებდა და ამბობდა, რომ 12% ჰქონდა მაშინ ქართულ ოცნებას, როცა სამჯერ თუ ოთხჯერ მეტი მიიღო, ამიტომ საზოგადოებისთვის მიმინდია ის კომენტარი, რაც ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა ყიფიანმა.

კომენტარები