საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, NDI-ის თბილისის ოფისი მასში განსაკუთრებულ ნდობას არ იწვევს. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე უთხრა. მისი თქმით, პირველ ადგილზეა საქართველოს პატრიარქი, რასაც არანაირი კვლევა არ სჭირდება.
“ისედაც ცხადია, რომ მას აქვს ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი და ის ყველას უყვარს. რაც შეეხება თავად კვლევებს, მე მათ მიმართ საერთოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა თავად ამ ინსტიტუტის მიმართ, მისი თბილისის ოფისი ჩემში განსაკუთრებულ ნდობას არ იწვევს, რადგან მე ჯერ კიდევ ძალიან მტკივნეულად მახსოვს ის 12%, რომელსაც NDI უწერდა ქართულ ოცნებას არჩევნების წინ, ხოლო შედეგი, მოგეხსენებათ, იყო 65%. აქედან გამომდინარე, ამ კვლევაზე სერიოზულ და სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი განწყობის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, მინისტრთა საქმიანობა ნაკლებს მოსწონს, ხოლო ქართული ოცნების საქმიანობას დადებითად 2-ჯერ ნაკლები ადამიანი აფასებს. ამასთან, სამუშაო ადგილების შესახებ პრემიერის საქმიანობა 46%-ს არ მოსწონს. ასევე, 23%-ით შემცირდა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისადმი კეთილგანწყობა. 26%-ით ნაკლებს მოსწონს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოკითხულთა 51% მიიჩნევს. 42%-ის შეხედულებებთან ახლოს ქართული ოცნება დგას. 39% თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა. კვლევაში მონაწილეთა 41%-ს დავით ნარმანია მოსწონს, 15%-ს -ნიკა მელია.
ამასთან, 96%-იანი კეთილგანწყობის რეიტინგი აქვს საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს.





