ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მინისტრთა მიმართ კეთილგანწყობა ნოემბრის კვლევასთან შედარებით, შემცირდა. ამასთან, NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობას მინისტრთა კაბინეტიდან ყველაზე მეტად თავდაცვის მინისტრის მუშაობა მოსწონს.
"როგორ შეაფასებდით ქვემოთჩამოთვლილი მინისტრების საქმიანობას" - გამოკითხულთა 44% ირაკლი ალასანიას საქმიანობას "ძალიან კარგად" ან "კარგად" აფასებს, 36% "საშუალოდ", 5% "ცუდად". მისდამი კეთილგანწყობა ამ მხრივ, წინა კვლევასთან შედარებით, 7%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2013 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 51% აფასებდა ალასანიას საქმიანობას "კარგად" ან "ძალიან კარგად".
ასევე შემცირებულია სხვა მინისტრთა საქმიანობის რეიტინგი. დავით სერგეენკოს საქმიანობას "კარგად" ან "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 32% აფასებს, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 37% იყო. მინისტრებიდან მესამე ადგილზე თეა წულუკიანია 34%-ით. მისი საქმიანობა წინა კვლევაში მონაწილეთა 46%-ს მოსწონდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის საქმიანობას "კარგად" ან "ძალიან კარგად" NDI-ის გამოკითხულთა 31% აფასებს, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 40% იყო. კახი კალაძის მუშაობა ახლა 31%-ს მოსწონს - ეს მონაცემი წინა კვლევასთან შედარებით, 6%-ით არის შემცირებული.
უცვლელი დარჩა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის მიმართ კეთილგანწყონა - მის საქმიანობას აპრილშიც და ნოემბერშიც "კარგად" ან "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 19% აფასებს.





