აბდულა გიულის ვიზიტი

მარგველაშვილი: ჩვენ და თურქეთი ერთნაირად ვიცავთ რელიგიური ჯგუფების ინტერესებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "საქართველო იმედით და ინტერესით უყურებს ერთობას და კეთილდღეობას NATO-ს წევრ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი აქვს". ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში თურქ კოლეგა აბდულა გიულთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა და აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, რელიგიური ჯგუფების ინტერესები საქართველოსა და თურქეთში ერთნაირად დაცულია.  

"ეს არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. ჩვენ ამ საკითხებზე თურქი კოლეგებისგან მყარი მხარდაჭერა გვაქვს. არაღიარების პოლიტიკაშიც თურქეთის მხარე მკაფიო და სწორ პოლიტიკას ადგას. დღეს კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და ტრანსნაციონალურ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება სწორედ თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეებთან ერთად. ეს არის ის გაზსადენები, ნავთობსადენები, რკინიგზა, რომელთაც ჩვენ ერთად ვავითარებთ და გუშინ დამატებითი იმპულსი მიეცა ამ პროექტების გაღმავებას როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით. ჩვენ ხაზი გავუსვით ასევე იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ხორიცელდება ეკონომიკის, კულტურის, სამხედრო მიმართულებით. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ერთნაირად ვუყურებთ როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე რელიგიური ჯგუფების, მათი ინტერესების დაცვის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები ერთნაირად, ერთი სტანდარტით არის დაცული და იქნება მომავალში დაცული საქართველოში და თურქეთში. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ბიზნესთანამშრომლობა, რომელიც ღრმავდება ჩვენსა და თურქეთს შორის, უკვე იღებს ძალიან საინტერესო ფორმებს და შინაარსს. გუშინ იყო ბიზნესფორუმი, რომელსაც კონკრეტული დადებითი შედეგი მოჰყვება“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

აბდულა გიული თბილისს 5 მაისს ეწვია. ის გუშინ აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად, დაესწრო სამმხრივ სამიტს - თბილისის სამიტი 2014. გიული საქართველოს დღეს დატოვებს.

კომენტარები