NDI-ის კვლევა

NDI: 62% - დემოკრატიისთვის უმცირესობათა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 62% თვლის, რომ  უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო 9% უმნიშვნელოდ მიიჩნევს. მათი მაჩვენებელი, ვინც მიიჩნევს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, წინა კვლევასთან შედარებით (2013 წლის ნოემბერი) 8%-ით არის შემცირებული.

ამასთან, დასახლების ტიპის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 70%-ს მიაჩნია მნიშვნელოვნად უმცირესობების უფლებების დაცვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ქალაქებში გამოკითხულთა - 62%-ს, სოფელში გამოკითხულთა 53%-ს. დასახლების ტიპის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მნიშვნელოვნად თვლიან უმცირესობების უფლებების დაცვას ქვეყნის განვითარებისთვის (62%), ვიდრე დასავლეთ საქართველოში (56%).

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, 10%- უმნიშვნელოდ. 79% თვლის, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 7% - მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოა. ყველაზე ნაკლები გამოკითხული 24% - სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას მიიჩნევს მნიშვნელოვნად. 48% კი თვლის, რომ ლგბტ პირების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა.

გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეთა 15%-ის აზრით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში უმცირესობების უფლებები გაუმჯობესდა, 58% მიიჩნევს, რომ "არ შეცვლილა", ხოლო 5% ფიქრობს, რომ გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად უმცირესობების უფლებები გამოკითხულთა 0%-მა დაასახელა. (დასახლების ტიპის მიხედვით, 1-1% აქვთ თბილისში, ქალაქებსა და აღმოსავლეთ საქართველოში გამოკითხულებს).

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები