უკანონო მოსმენები

კალაძე: სად იყო ეს წლები მოძრაობა „ეს შენ გეხება“?

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, კამპანია "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" აბსურდულია. ვიცეპრემიერის შეფასებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი ადამიანისა და სახელმწიფოს ღირსებას ჩრდილს არ აყენებს. 

"მინდა გამოვეხმაურო მოსმენების შესახებ ბატონი პრემიერის განცხადებას. იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი წლები ჩურჩულით ლაპარაკობდა, სადაც არათუ ისმინებოდა, არამედ ვიდეო და აუდიოჩანაწერები გროვდებოდა აბსოლუტურად ყველაზე და ამას არანორმალურად მასობრივი და მაშტაბური სახე ჰქონდა, უბრალოდ უხერხულია მავანის მიერ რაღაც აბსურდული კამპანიის აგორება ფობიური ისტერიით - ვითომ მოსმენები მასობრივია და უკანონო. მინდა ვკითხო ამ ადამიანებს და ორგანიზაციებს - რატომ იყავით ჩუმად ეს წლები? სად იყო თუნდაც მოძრაობა „ეს შენ გეხება“, სად იყო ანალოგიური აქტივობა?! ჩვენი გუნდი - ჩემი მეგობრები, ქართული ოცნება, მუდამ გამოვდიოდით არა მარტო ფიზიკური, არამედ მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობის წინააღმდეგაც. ჩვენმა ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, გაანადგურა მთელი ის სამარცხვინო მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლების მიერ დაგროვდა მოსმენების და თვალთვალის საშუალებით და ამით საზოგადოებას ვანახეთ ჩვენი პოზიცია, ნება და დამოკიდებულება ამ არადემოკრატიული და ადამიანის თავისუფლების შეურაცხმყოფელი მოქმედებების მიმართ", - აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში არსებობს კანონი მოსმენების შესახებ.

"ჩვენი ინიცირებული კანონი არის ისეთი სახის, რომელიც არ აყენებს ჩრდილს ადამიანის, ხელისუფლების და სახელმწიფოს ღირსებას. ეს კანონი ითვალისწინებს სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გამო ჩატარებულ კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ ზღვარს ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფო არასდროს გადავა", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

კამპანია - ეს შენ გეხება - მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერმაც გააკრიტიკა და მას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელი საქმიანობაა. 

კომენტარები