NATO-საქართველოს ურთიერთობა

აპატურაი: NATO ალასანიას გზავნილს თავდაცვითი საშუალებების განლაგებაზე განიხილავს

ჯეიმს აპატურაი
http://www.nato.int/

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და ალიანსი განიხილავს მის წინადადებას საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განლაგების შესახებ. ეს წინადადება ალასანიამ 30 აპრილს ვაშინგტონში დააყენა.

”იქ იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეც და დაპირდა, რომ მოკავშირეებს ალასანიას ამ გზავნილს მიაწვდიდა. ძალზე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ NATO-ს საკუთარი თავდაცვის სისტემები არ აქვს; ეს სისტემები აქვთ მოკავშირეებს და NATO-ს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებაში მხარდაჭერა, როგორც ეს თურქეთისთვის გააკეთა სირიის კონფლიქტის დროს” - თქვა აპატურაიმ.

ალასანიამ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ვრცლად ისაუბრა ვაშინგტონში. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის მთავარია, რომ ამერიკამ და ევროპამ ერთობლივი ძალებით იმოქმედონ და საქართველომ დაინახოს ტრანსატლანტიკური ერთიანობა. მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამყვანი როლი ითამაშოს და უზრუნველყოს, რომ სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე NATO-ს მიერ გადადგმული ნაბიჯი ადეკვატური რეაგირება იყოს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.

ალასანიამ აღნიშნა, რომ ახლა საუბარი მიდის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) შესახებ, მაგრამ რეალურად არ იცის, როგორ დასრულდება დისკუსია. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მისი თქმით, სამ-ექვს თვეში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და რუსეთთან ურთიერთობაც განახლდება, სწორედ ამიტომ საჭიროა ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება - ეს არის NATO-ს გაფართოება, რომელიც საქართველოსთან ერთად სხვა ასპირანტ ქვეყნებსაც შეეხება.

ალასანიას თქმით, რუსეთი ყოველთვის ქმნის ახალ რეალობას ადგილზე, აირჩევს ახალ სამიზნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან. მისი თქმით, ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა - შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. ალასანიას თქმით, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ ისინი სერიოზულად უდგებით საკითხს.

ირაკლი ალასანიას გზავნილი შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, მინისტრ ალასანიას გზავნილი ვაშინგტონში იყო სწორი, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობამ არა მხოლოდ არ აწარმოა კამპანია ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ამ მიმართულებით, არამედ ჰქონდა საზიანო, წინააღმდეგობრივი, ან არათანმიმდევრული გზავნილები.

”ჩვენ გვახსოვს, რომ ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ალაგებენ რუსეთთან ურთიერთობას, რომ წინა მთავრობის ბრალია რუსული აგრესია, რომ საქართველო უნდა გაქრეს როგორც დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ეს მათი საარჩევნო კონცეფცია იყო, როგორი სკანდალურიც არ უნდა იყოს ეს და ახლა ერთი, ან ორი სწორი გზავნილით ან კარგი გამოსვლით ამ ვითარების ამოქაჩვა არის რთული. ჩვენ დაგვაზიანა ჩვენი მთავრობის, წინა და ახალი პრემიერმინისტრის აბსოლუტურად საზიანო, ან არათანმიმდევრულმა, ან წინააღმდეგობრივმა პოზიციამ და იმან, რომ მათ კამპანია საერთოდ არ აწარმოეს. მთავრობა ახლა მაინც უნდა იყოს კოორდინირებული და ახლა მაინც ერთი, ან ორი მინისტრი კი არ უნდა საუბრობდეს ამაზე, არამედ კონცენტრირებული უნდა იყვნენ სხვა არანორმალური აქტივობების ნაცვლად, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე და ეს, კარგ შემთხვევაში, სულელური მოსაზრებები - რომ უნდა გავქრეთ, როგორც დაპირისპირების საგანი და რომ ისინი ალაგებენ ურთიერთობას რუსეთთნ და რომ მათ პროგრესი აქვთ, უნდა დაივიწყონ, იმიტომ რომ პროგრესი კი არ გვაქვს დიდი საფრთხე გვაქვს - თუ ხვალ და ზეგ არა, უახლოეს მომავალში” - დაამატა ბოკერიამ.

კომენტარები