ეს შენ გეხება

ღარიბაშვილი: ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ - ძირგამომთხრელი საქმიანობაა

“მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს”, - თქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღარიბაშვილის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობის დეტალები განმარტა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

„ვარიანტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს, კატასტროფის ტოლფასი იყო და მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას საფრთხეს შეუქმნიდა. ჩვენ ეს არ დავუშვით და აღნიშნული კანონპროექტის დამუშავება დავიწყეთ. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ კანონპროექატზე მუშაობისას სიჩქარე დაუშვებელია“, - მიიჩნევს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და პროცესის მონაწილე თავად იყო, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის კი ბევრი ადამიანი დაისაჯა.

პრემიერის შეფასებით, ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დასრულდა.

„ორი თვის წინათ კი ჩვენ გავიგეთ, რომ იწყებდნენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და მოქალაქეებს არწმუნებენ, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად პროგრესს ვაჩვენებთ, ეს ადამიანები რეკლამებში ათასობით ლარს ხარჯავენ იმისთვის, რომ  ქვეყნის იმიჯი შეარყიონ. ამას მე ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ვუწოდებ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, რომ მისი დავალებით, უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, მინდია ჯანელიძემ, კანონპროექტის დამუშავება დაიწყო, რაც უკვე დასრულებულია და პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
„მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. მტკიცე პოლიტიკური ნება არსებობს და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ჩვენი კარი ღიაა და ამ ადამიანებს მოვუწოდებ, რომ ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის“, - თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს. 

არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანია "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" 6 მარტს დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული მიყურადების საკითხზე პარლამენტში ერთი წლის წინათ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას ითხოვენ.  

კომენტარები