ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი

ბერძენიშვილი: განათლებას გაუნათლებლობა უპირისპირდება

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

„ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაპირისპირება განათლებასთან გაუნათლებლობის დაპირისპირებაა. აქ მეტი არაფერია“, - ამბობს ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი.  

ბერძენიშვილის აზრით, ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში დისკრიმინაციის საგანი თვითონ იყო, დისკრიმინაციისთვის არ უნდა იბრძოდეს.

„პირიქით, მხარში უნდა გვედგეს და გვეხმარებოდეს, რომ არავის დისკრიმინაცია არ მოხდეს, მათ შორის - რელიგიური მოტივით“, - აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტის მიღების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში იკისრა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მოლდოვა პირველია, რომლის მიმართაც ევროკავშირმა შენგენის ზონაში მიმოსვლისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.

ლევან ბერძენიშვილი მოლლოვაში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

„ორი წლის წინათ მოლდოვაში ამ კანონის მიღებას ზუსტად ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვა. მოლდოვამ კი უვიზო მიმოსვლა ორი დღის წინათ მიიღო. მოლდოვის მოსახლეობა უკმაყოფილო არ არის. პირველები, ვინც ამით ისარგებლეს, მოლდოველი მღვდლები იყვნენ, რომლებიც ამ კანონპროექტს ებრძოდნენ. მათ ბიომეტრული პასპორტი აიღეს და საზღვარი გადაკვეთეს“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

კომენტარები