ანუ ქართული პრინციპატი

...მიდიოდა რა ჩვენგან, უფრო ზუსტად, პრემიერის პოსტიდან, ბიძინა ივანიშვილმა დაგვიტოვა თითქმის ენიგმატური სიტყვები: „არსადაც არ მივდივარ, მე მოვდივარ ოცწლიან ციკლში". ოდნავ შორსმჭვრეტელი მოქალაქეები იმთავითვე დაინტერესდნენ, როგორი იქნებოდა ფორმალურად კერძო პირის, რეალურად კი სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდის პატრონის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და აჰა, მათ მიიღეს პასუხი.

ძველი რომის რესპუბლიკური წყობა მინიმუმ ოცი წლის განმავლობაში ირღვეოდა. საბოლოოდ, ძველი წყობის ყველა დამცველი იმქვეყანას გაისტუმრეს და რესპუბლიკა შეცვალა იმპერიამ ანუ ერთი კაცის ძალაუფლებამ. პირველი იმპერატორი გახდა ოქტავიანუს ავგუსტუსი.

ავგუსტუსმა დაინახა, რომ რესპუბლიკური მმართველობის მექანიზმები მყარი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ამიტომაც სისტემის ნგრევა არ დაუწყია, უბრალოდ, თავზე მოაჯდა მას; ვთქვათ სხვანაირად, სისტემის ხელმძღვანელობა იგდო ხელთ: ძველებურად იწვევდნენ სახალხო კრებებს, ძველებურად მართავდა სხდომებს სენატი, აღმასრულებელ ხელისუფლებას ძველებურად ახორციელებდნენ მაგისტრატები. მაგრამ თუ ძველი სისტემა ძალაუფლების დაყოფას ეფუძნებოდა და თანამდებობას ერთ წელიწადზე მეტხანს ვერ დაიკავებდი, იმპერატორი დაეუფლა ყველა მნიშვნელოვან პოსტს და სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა მათ.

სიცოცხლის ბოლომდე დაინიშნა პროკონსულად ანუ უმაღლეს მთავარსარდლად და სიცოცხლის ბოლომდე მიიღო სახალხო ტრიბუნის წოდება, რითაც შეეძლო ვეტო დაედო სხვა მაგისტრატთა გადაწყვეტილებებზე.

რამდენჯერმე გახდა ცენზორი, რაც დაეხმარა სენატიდან არასასურველი ხალხი მოეშორებინა. ავგუსტუსი გამოაცხადეს სენატის პრინცეპსად. პრინცეპსი ძველ რომში განსაკუთრებით პატივდებული ადამიანი გახლდათ, სენატორთა სიაში პირველი ადგილი ეჭირა და დისკუსიების დროს აზრსაც პირველი გამოხატავდა. თუ რესპუბლიკაში პრინცეპსობა მხოლოდ პატივისცემის გამოხატულება იყო, იმპერიაში ვითარება შეიცვალა: ახლა ავგუსტუსი რასაც იტყოდა, სენატორებს ისღა დარჩენოდათ, დათანხმებოდნენ. ამავე დროს, ოფიციალურად ითვლებოდა, რომ ავგუსტუსმა კი არ დაამხო, არამედ აღადგინა რესპუბლიკა პირველქმნილი სიწმინდით, ის მხოლოდ აღასრულებდა სენატის ნებას და ვერავინ ბედავდა ეთქვა, რომ ძალაუფლება რეალურად ეკუთვნოდა იმპერატორს. მან შეიფერა პრინცეპსის წოდება და პოსტზე მისი მემკვიდრეებიც ამ ტიტულს ატარებდნენ.

იმიტომაც ავგუსტუსის დამყარებულ წყობას პრინციპატს ვუწოდებთ.

დღევანდელ საქართველოს თუ შემოვხედავთ, ის შეიცავს როგორც რესპუბლიკის, ისე ახალშობილი პრინციპატის ნიშნებს. აღმასრულებელი ხელისუფლება, მინისტრები და გამგებლები მუშაობენ, პარლამენტიც, რაც შეუძლია, შრომობს, ხელისუფლება თითქოს დანაწილებულია, მაგრამ არსებობს კაცი, რომელსაც ეს ყველაფერი უპყრია და თან ვერაფრით დაავალდებულებ: არ არსებობს ინსტანცია, რომლის წინაშეც ის პასუხისმგებელი იქნებოდა. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი თავადაა უმაღლესი ინსტანცია, სადაც იკვრება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა კვანძი. ვერც პარლამენტის თავკაცი ბედავს პირველი მოქალაქის ურჩობას და პრემიერიც „რამდენჯერმე საუბარს არ საჭიროებს", როგორც ეს თავად პრინცეპსმა თქვა. ასეთ სისტემაში ბუნებრივ აპენდიქსად მოჩანს თანამდებობა პრეზიდენტისა, რომელსაც კონსტიტუცია რაღაცას ავალდებულებს და რაღაც შესაძლებლობებსაც სთავაზობს. საკუთარი ლეგიტიმურობის ზანტად გაცნობიერებას, როგორც ჩანს, პრეზიდენტთან მოაქვს ძალაუფლების მოსინჯვა-განხორციელების სურვილი. მაგალითად, მარგველაშვილმა მოისურვა ვეტო დაედო კანონისათვის, რომელიც დროში გადასწევდა მოწმეთა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე დაკითხვის ნორმას. სულერთია ახლა, მართლა უნდოდა ამის გაკეთება თუ დემოკრატიულობით თავის მოწონება უფრო სურდა; ფაქტია – პირველი მოქალაქე ამბობს – მასთან თათბირის შედეგად პრეზიდენტი აიძულეს ეს არ გაეკეთებინა. ამით ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ განგვიცხადა, ვინ არის ქვეყანაში ხაზეინი. ქართველ პრინცეპსს შეუძლია ვეტო დაადოს თავად იმას, ვინც უფლებამოსილია დაადოს ვეტო კანონებს. ივანიშვილი არის არა მხოლოდ პირველი მოქალაქე, არამედ განსხეულებული უზენაესი კანონი. თუ ქართული სახელმწიფოს საერთო-სახალხო კენჭისყრის წესით არჩეული მეთაური კონსულტაციებს გადის კერძო პირთან და კონსულტაციები სრულდება პრეზიდენტისთვის არასასურველი გადაწყვეტილების თავსმოხვევით – ეს უკვე მთლად რესპუბლიკა აღარ არის: ეს გახლავთ ბიძინას მოქალაქეობის ნაყოფი – ქართული პრინციპატი.

...ოქტავიანუს ავგუსტუსმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბევრ გვამზე გადაიარა. ხელის აუკანკალებლად იცილებდა ყველას, ვინც გზად ეღობებოდა. მაგრამ დღეს ისტორიკოსები, პრინცეპსობისას მის ნამოღვაწარს რომ აფასებენ, თითქმის თანხმდებიან: რომ ავგუსტუსი იმ იშვიათ პოლიტიკოსთა რიგშია, ვინც ძალაუფლებამ უკეთესი გახადა. რაც შეეხება ქართველ პრინცეპსს – უწინ უტყვს, უხმო ქველმოქმედს, ტაძართა და თეატრთა გამამშვენებელს, არტისტთა დამპურებელს – განსაჯეთ, როდის იყო უკეთესი: როცა ვიცოდით და არ ვიცნობდით, როცა პრემიერობდა და ამბობდა, „მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა" თუ ახლა – როცა უნდა, საქართველოს ხელისუფლების დირექტორი იყოს ისე, რომ კაციშვილმა არათუ პასუხი მოსთხოვოს, სიტყვაც კი არ შეუბრუნოს...

კომენტარები