საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

WP: საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კონტრპროდუქტიულ ომს მის წინამორბედებთან

Washington Post Co.

ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რთული პრობლემებია საქართველოში, სადაც 2012 წლის თავისუფალ არჩევნებზე არჩეული ხელისუფლება აგრძელებს კონტრპროდუქტიულ ომს მის წინამორბედთან - ნათქვამია The Washington Post-ის სარედაქციო სტატიაში.

washington post-ის სტატიაში სათაურით - ”საქართველო და მოლდოვა დახმარებას საჭიროებენ, თუმცა საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ” საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ერთი პოზიტიური შედეგი მოყვა, ევროკავშირი გაძლიერებულად და დაჩქარებულად ცდილობს გააღრმავოს ურთიერთობები სხვა ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან: საქართველოსა და მოლდოვასთან, რომ ქვეყნების ბედი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოქმედებს მათივე ხელისუფლება. ამ ქვეყნებმა თავადაც უნდა გადადგან ნაბიჯები დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე და ამ მხრივ საქართველოში რთული ვითარებაა.

”რთული პრობლემებია საქართველოში, სადაც 2012 წლის თავისუფალ არჩევნებზე არჩეული ხელისუფლება აგრძელებს კონტრპროდუქტიულ ომს მის წინამორბედთან. თებერვალში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან. მან მიიღო გაფრთხილება, აღარ განახორციელოს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური დევნა. ამის მიუხედავად, 22 მარტს სააკაშვილი გამოძახებული იყო დაკითხვისთვის პროკურორის მიერ, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის ჩვეული პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერმინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება” - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი აგრძელებს 2008 წელს დაწყებულ ოკუპაციას და საქართველოში პოზიციებს აფართოებს. The Washington Post-ის რედაქცია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მოლდოვაც საფრთხეში იყოს.

”მოლდოვას და საქართველოს თითქმის ისევე სჭირდება ევროკავშირის დახმარება, როგორც უკრაინას. ორივე განიცდის მზარდ ზეწოლას მოსკოვიდან, რომელსაც სურს, ჩაშალოს შეთანხმებები ევროკავშირთან და აიძულოს ეს ორი ქვეყანა მიუერთდნენ კრემლის მიერ კონტროლირებად ევრაზიულ კავშირს. საქართველოში რუსული ჯარები, რომლებიც ახორციელებენ ამ ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას 2008 წლის თავდასხმის შემდეგ, აფართოებენ თავის პოზიციებს. დასავლელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა შეიძლება, ასევე გაგზავნოს ჯარები დნესტრისპირეთში - მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ან მოახდინოს ამ რეგიონის ანექსირება ყირიმის სტილში” - ნათქვამია The Washington Post-ის სტატიაში.

The Washington Post-ის რედაქცია მოუწოდებს დასავლეთს, უფრო ძლიერი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ასევე აკრიტიკებს ბარაკ ობამას განცხადებას, რომ არ არსებობს უშუალო გეგმა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში მიღებაზე.

”დასავლელმა მთავრობებმა კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ ამ ქვეყნების დასახმარებლად. უფრო ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შეაკავებდა პუტინს, დამატებითი აგრესიული ქმედებების განხორციელებისგან. მართალია, NATO-ს არ შეუძლია მათი დაცვა რუსეთის თავდასხმებისგან, მის ლიდერებს ის მაინც შეუძლიათ, რომ თავი შეიკავონ უადგილო რიტორიკისაგან. პრეზიდენტ ობამას განცხადება წინა თვეს ბრიუსელში ვიზიტის დროს, რომ არ არსებობს "უშუალო გეგმები“ უკრაინის ან საქართველოს NATO-ში მიღებასთან დაკავშირებით, ალბათ მიზნად ისახავდა პუტინის დამშვიდებას, მაგრამ პრორუსულმა პოლიტიკოსებმა საქართველოში გამოიყენეს ეს, როგორც იმის მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანას დასავლეთის იმედი არ უნდა ქონდეს” - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები