ქართული ოცნება

ივანიშვილი კოალიციის შეხვედრაში „მოქალაქის“ სტატუსით მონაწილეობდა

facebook.com/GaribashviliOfficial

ქართული ოცნება ხვალ მერობის 11 კანდიდატს დაასახელებს.  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატებმა განუცხადეს. შეხვედრას ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა,  უკვე შეთანხმებულია როგორც მერებისა და გამგებლების კანდიდატურები, ისე სიის პირველი ნომრები შესაბამის საკრებულოებში. თუმცა ხვალინდელ შეხვედრაზე ყველაფრის ერთდროულად დასახელება არ იგეგმება. 

"ხვალ გაიგებთ მერობის თერთმეტ კანდიდატს, ისინი წარდგებიან პერსონალურად, თავიანთი ბიოგრაფიებით, საზოგადოების წინაშე, რადგან არის შეხვედრა თბილისში. ეს იქნება ნარმანიას საარჩევნო კამპანიის სტარტი. ჩვენ მსგავს შეხვედრებს ვგეგმავთ ყველა რეგიონში. შეთანხმებულია სიის პირველი ნომერი და სხვა ყველაფერი, თუმცა ხვალ ყველაფერი ერთდროულად არ გახმოვანდება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

მან ასევე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის მერობის კანდიდატი კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან დავით ჯიქია იქნება. 

კოალიციის წევრების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ შეხვედრაზე „საქართველოს მოქალაქის“ სტატუსით იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, "ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩვენი მეგობარი და ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და არა მარტო ჩვენ“.

„არანაირი ჩარევა არ არის ეს ჩვენს საქმიანობაში. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას ერთიანობისთვის ბრძოლაში, მის შემართებას, თავისი წვლილი შეაქვს და რა თქმა უნდა, საინტერესოა მისი შეხედულებების გაზიარება ჩვენთვის არჩევნების წინ",  - განმაცხადა აბაშიძემ.   

როგორც, თავის მხრივ, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, კანდიდატების შერჩევაში ბიძინა ივანიშვილი „აბსოლუტურად არ მონაწილეობდა“. „როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობდეს ივანიშვილი?" - აღნიშნა ხიდაშელმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა  წარმატება უსურვა კოალიციის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინ და „კიდევ ერთხელ შეახსენა მთელ გუნდს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.

 

კომენტარები