საპარლამენტო უმრავლესობა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ისინი მერობისა და გამგებლების კანდიდატებზე მსჯელობენ.
ცოტა ხნის წინ ოფისში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ასეთ შეხვედრებზე დასასწრებად ბიძინა ივანიშვილს სტატუსი არ სჭირდება.
„ბიძინა ივანიშვილს რა სტატუსი უნდა იმისთვის, რომ შეხვედრას დაესწროს? რაც უფრო ხშირად ვნახავ ივანიშვილს, უფრო გამიხარდება“, - თქვა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ხვალინდელ ყრილობასაც დაესწრება.
საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება წინასაარჩევნო კამპანიას ხვალ სპორტის სასახლეში გახსნის. საზეიმო შეკრებაზე კოალიცია 12 თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატებს დაასახელებს.




