სატელეფონო მოსმენები

ხაჩიძე: ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ ყველას გვისმენენ ტელეფონზე

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გოგა ხაჩიძე შესაბამისი უწყებისგან პასუხს მოითხოვს შეკითხვაზე, "რატომ უსმენენ პარლამენტის წევრების სატელეფონო საუბრებს".

ხაჩიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს, რომ ამას ექსპერიმენტი ადასტურებს. მან დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს დაურეკა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან "დაგეგმილი აქციის" შესახებ ესაუბრა. ამის შემდეგ, როგორც ხაჩიძე ამბობს, ღარიბაშვილის სახლთან, მოსეშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მან ამის დამადასტურებელი ფოტოებიც წარმოადგინა.

"ყველას გვისმენენ ტელეფონზე. ყველაფერი ისმინება, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის წევრების საუბრები. ამას ადასტურებს ის ექსპერიმენტი, რომელიც ჩავატარეთ. გუშინ კითხვა დავსვი - რას აკეთებდნენ ზუსტად 15:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან (მოსეშვილის ქ. 10) პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! მათ შორის სამმართველოს და განყოფილებების უფროსები, მაღალჩინოსნები და რიგითი პოლიციელები, საპატრულო ეკიპაჟები. კომენტარი ზედმეტია. ყველაფერი ცხადი და ნათელია. ჩვენ უბრალოდ შევეცადეთ, მარტივი ექსპერიმენტით დაგვედასტურებინა, რომ ყველას გვისმენენ. შევეცადეთ და "წარმატებამაც" არ დააყოვნა. პრინციპში, ყველაფერი სწორად გავთვალეთ, ერთი დეტალის გამოკლებით. როგორც წესი, მსგავს აქციებზე ჯერ ძალოვნები მოდიან, ხოლო შემდეგ ე.წ. "ტიტუშკები" მოჰყავთ. გასაგები მიზეზების გამო, საქმე "ტიტუშკებამდე" არ მივიდა. მივმართავთ, შესაბამის უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, პარლამენტის თავმჯდომარეს! რატომ ხდება საქართველოს პარლამენტის წევრების, სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენა?! გვაინტერესებს, რა განმარტებები გაკეთდება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური პირების მხრიდან?!", - ამბობს გოგა ხაჩიძე.

დეპუტატის მტკიცებით, მოსეშვილის ქუჩაზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან რეალურად არანაირი აქცია დაგეგმილი არ ყოფილა და ზურაბ ჯაფარიძეს მხოლოდ ექსპერიმენტის გამო დაურეკა.

კომენტარები