სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

სააკაშვილი: ჩემი დაბარების გამო ივანიშვილს ანგარიშების დაყადაღებით დაემუქრნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, დაკითხვაზე მის დაბარებას ამერიკელებისა და ევროპელების მწვავე რეაქციები მოჰყვა. როგორც სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე, ამერიკიდან ჩართვისას თქვა, სწორედ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის გამო შეცვალა პრემიერმინისტრმა განცხადება, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე არმისვლის შემთხვევაში, მასზე ძებნა დაიწყებოდა.

"გახსოვთ, თქვეს, ახლავე დავაკავებთ, თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდებაო, მაგრამ ორ დღეში ყველაფერი უკან წაიღეს. თქვენ გგონიათ უცებ სინდისმა შეაწუხათ და თვალები გაუნათდათ? არა. ამერიკის ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ ელჩი მივიდა წერილით და უთხრეს, თქვენ, მე მგონი, ვერაფერი გაიგეთ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს - ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებული და ეს ამ მთავრობას დაუჯდება ძვირად. მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებსო - მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ გადაადგილდება და ექნება პრობლემაო. ამასთან, ევროკავშირმა მოამზადა განცხადება, რომ ასოცირების ხელშეკრულება სულაც არ იქნება ავტომატური, თუკი ეს საქმე გაგრძელდებაო. ასე რომ, ასეთი გაწევ-გამოწევა იყო. რატომ აკეთებენ ამას ამერიკელები და ევროპელები? - მათ ზედმიწევნით კარგად იციან, რომ არაფერი კავშირი მე კორუფციასთან ან სხვა სახის დანაშაულთან არ მქონია", - განაცხადა სააკაშვილმა და განმარტა, რომ საქართველოდან ორი მიზეზის გამო წავიდა.

"პირველი, მრავალი წლის ძალიან ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, ხალხს უბრალოდ შეუძლებელია ყელში არ ამოუვიდეს ნებისმიერი მმართველი. მიმაჩნდა, რომ ჩემს ხალხს სჭირდებოდა ჩემგან დასვენება _ რაღაც ეტაპის შემდეგ, ადამიანი ყველა უბედურებას აბრალებს მმართველს და ჰგონია, რომ სეიფში ინახება მისი ბედნიერების რეცეპტი. ესაა ის ეტაპი, როცა უნდა გაეცალო და ხალხმა საკუთარი თვალით ნახოს, რა რა არის. მეორე მიზეზი არის დასავლელ მეგობრებთან გამართული ბოლო შეხვედრები, მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტ ბაროზოსთან, სადაც ის პირდაპირ მელაპარაკა, რომ ვლადიმერ პუტინი ყველა შეხვედრას - ეკითხებოდნენ თუ არა - ჩემზე ლაპარაკით იწყებდა, რა დროსაც არარაციონალური, აგრესიული ხდებოდა და მოითხოვდა ჩემს დაპატიმრებას ან კიდევ უფრო უარესს. მითხრა, თუ საქართველოში დარჩები, შეიძლება თქვენმა მთავრობამ აღძრას საქმე ნებისმიერი საბაბით, რაც იქნება იმის დასტური, რომ ის ასრულებს პუტინის დაკვეთას და ამით საქართველოსთან ყველანაირი შემდგომი მოლაპარაკება დარტყმის ქვეშ დადგება - შენი გადასაწყვეტია, დარჩე და საქართველო იზოლაციისკენ წავიდეს ან ცოტა ხანი გაერიდო ამ სიტუაციასო. იგივე მითხრეს ამერიკელებმა", - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ ათ საქმესთან დაკავშირებით დაიბარა დაკითხვაზე. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო, შეშფოთება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა.  

ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში 28 მარტს, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, როგორც იქამდეც რამდენჯერმე აღნიშნა, საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ს მეშვეობით. ყოფილმა პრეზიდენტმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენებას SKYPE-ს მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები