რუსეთის მოქალაქეობა

აბაშიძე რუსეთის მოქალაქეობის მიღების კანონზე: ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღებასთან დაკავშირებით, პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიმართ საქართველომ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

აბაშიძის თქმით, იურისტებმა და ექსპერტებმა კარგად უნდა შეისწავლონ, თუ რა დევს საკანონმდებლო ცვლილებებში და რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოსთვის.

"ზოგადად ჩემი განცდა ისეთია, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. დავაკვირდეთ, როგორ იმოქმედებს ცვლილებები საქართველოში. ზოგადად, 90-იანი წლებიდან რუსეთში უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. მათ უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. გარკვეულ ნაწილს გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა. ამ მომენტში განსაკუთრებული თვისობრივი ცვლილება არ ჩანს, მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონში შეტანილ ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ. აღნიშნული ცვლილებები რუსეთის სახელმწიფო დუმამ ჯერ კიდევ 4 აპრილს მიიღო. 

კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივებას. კანონი ეხება პირებს, რომელნიც საუბრობენ რუსულ ენაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახური თუ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, კომუნიკაციისთვის იყენებენ რუსულ ენას. 

აღნიშნული კანონი ასევე ამარტივებს მოქალაქეობის მიღების პროცედურებს მათთვის, ვისი ნათესავებიც ცხოვრობენ ან ადრე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რუსული ენის ფლობის ხარისხი დადგინდება სპეციალურ საემიგრაციო კომისიასთან გასაუბრების გზით.

იმისათვის, რომ მსურველებმა მოქალაქეობის მიღება შეძლონ, აუცილებელია არსებულ მოქალაქეობაზე უარი თქვან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას მოლაპარაკება აქვს რუსეთის ფედერაციასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები