შპს მანი

თბილისის მერია: არასდროს გვისარგებლია შპს "მანის" მომსახურებით

Wikipedia

თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებას აბსურდს და საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობას უწოდებს და აცხადებს, რომ მერიას არასდროს უსარგებლია შპს "მანის" მომსახურებით. თბილისის მერია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, თითქოს საწარმომ თბილისის მერიისთვის შეასრულა კონცერტის 1 566 521 ლარის ღირებულების საორგანიზაციო სამუშაოები, სიცრუეა.

"ამ მიზანმიმართული პროვოკაციის ავტორები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავენ თბილისის მერიის დისკრედიტაციას სრულიად უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებით, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გახშირებული პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ" - აცხადებს თბილისის მერია და აღნიშნავს, რომ არც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის ლევან ჯალაღანიას მიერ შედგენილ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ არის რაიმე ნათქვამი შპს მანის საქმიანობის კავშირზე თბილისის მერიასთან.

"შესაბამისად, მოვუწოდებთ აბსურდული და პროვოკაციული "ცნობის" ავტორებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თუ არსებობს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინონ ის ან/და ასახონ შესაბამის სამართლებრივ აქტებში", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის,  გიგი უგულავას სიმამარს  შალვა კილაძეს და შპს მანის დირექტორს გიორგი მჭედლიშვილს ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, შალვა კილაძე ავალებდა მჭედლიშვილს და სხვა თანამშრომლებს ლიცენზიით გათვალისწინებული საზღვრების გარეთ გაჯის ნედლეულის მოპოვებას. საგამოძიებო სამსახურის მტკიცებითვე, საწარმომ თბილისის მერიისათვის შეასრულა კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც 1 566 521 ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით. 

კომენტარები