წინასაარჩევნო გარემო

არასამთავრობოები ხელისუფლებას: წინასაარჩევნო შეხვედრებზე არ დაუშვათ ძალადობა

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრების ძალადობრივ ჩაშლას ეხმაურება და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს მოუწოდებს, უარი თქვას ძალადობაზე. საიას, სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძალადობისაგან თავისუფალ და ცივილიზებულ გარემოში ჩატარება ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს საკუთარი ხედვებისა და საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლისთვის შეუფერხებლად გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას, თუმცა, ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს.

"მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება, არ დაუშვას ძალადობა და გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთოს ის", - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს, პოლიტიკურ გაერთიანებებს, სამართალდამცავ ორგანოებს, უწყებათაშორის კომისიას, ხელისუფლებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოუწოდებენ.

"თითოეულ მოქალაქეს - უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ის პირები, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელია, წარსულში თავად იყვნენ ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლნი, თუმცა მათ მსგავს ქმედებას სამართლებრივი გამართლება ვერ მოეძებნება. როგორც კი საწინააღმდეგოს დავუშვებთ, მსგავსი ქმედებები განმეორდება, რაც, ცხადია, ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს;

პოლიტიკურ გაერთიანებებს - უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და არ დაუშვან მათი მხარდამჭერების სხვა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ორგანიზებული შეხვედრაზე დასწრება კონტრაგიტაციის ორგანიზების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება და არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა ამომრჩევლებთან კონტაქტი შეფერხების გარეშე შეძლოს;

სამართლდამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა და ძალადობის აღკვეთა, ასევე ძალადობრივი აქტების ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება; ამ მიზნით მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება;

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას - წინა წლების მსგავსად, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაცია და მოუწოდოს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არ შეაფერხონ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს - უზრუნველყონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ", - აცხადებენ არასამთავრობოები.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების აქტივისტებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის - "გაჩერებული საქართველო" ჩატარების საშუალება არ მისცეს. პარტიის ინფორმაციით, მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ ასევე, სურდათ, საზოგადოებისთვის გაეცნოთ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს.

უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს თელავში ძირითადად მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესხნენ თავს, წყალტუბოში - ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები და ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბათუმში - ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები, ანაკლიაში - ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, ასევე ზუგდიდის ფოსტის თანამშრომლები.

"თბილისში კი, ჰაკიმ ფაშას თანასოფლელები", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გუშინდელი აქციების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა".

კომენტარები