წინასაარჩევნო გარემო

უგულავა: გუშინდელი აქციები შსს-ს მიერ იყო ორკესტრირებული

"ან ტყვია გვესროლეთ ან ციხეში ჩაგვსვით, სხვაგვარად არ გავჩერდებით", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ ბათუმში, გუშინდელ ბრიფინგზე, ენმ-ის წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებზე საუბრისას. უგულავას თქმით, "წინასაარჩევნოდ ხელისუფლება თავისი უნიათობის გადაფარვას ცდილობს" და პოლიტიკურ ოპონენტებს მართული აქციებით უპირისპირდება.

"ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური ოპონირებისთვის, პასუხისმგებლობა ავიღეთ იმ ათ წელიწადზე, რაც ყოფილა კარგიც და ცუდიც, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რაც კარგი იყო ქვეყანაში, გაჩერდა, რაც ცუდი იყო - გაათკეცდა. დღევანდელი ქართული ოცნება თავისი ნაბიჯებით ემსგავსება იმ ბნელ მხარეს, რომელიც ჩვენ ერთად უნდა დაგვევიწყებინა. ის შურისძიების მუხტი, რომელსაც ივანიშვილი და ღარიბაშვილი აღვივებენ, პირველ რიგში მათ წალეკავს", - თქვა უგულავამ. 

მისი განცხადებით, გუშინდელ აქციებს ორგანიზება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუწია, რადგან გიგი უგულავას თქმით, ფარული მოსმენების გარეშე, აქტივისტები ხუთ ქალაქში ერთდროულად და ორგანიზებულად ვერ გამართავდნენ აქციებს.

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უნიათობა. ხუთ რეგიონში ჩვენი წარმომადგენლები ერთდროულად მართავდნენ ბრიფინგს და ყურადღებას ამახვილებდნენ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არის. საუბრობდნენ იმ გაჩერებულ პროექტებზე, რის გამოც უმუშევრობა იზრდება და არ არის განვითარება. ამის სანაცვლოდ, ორკესტრირებულად საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში - თბილისში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თავს დაესხნენ ჩვენს წარმომადგენლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორკესტრირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. რაც მთავარია, ორკესტრირებული იყო იმდენად, რამდენადაც გამოვლინდა, რომ გვისმენენ. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია და წარმოუდგენელია, რომ ხუთ ქალაქში ერთდროულად, ერთი და იგივე კონტინგენტი ხალხისა გამოდიოდეს და პოლიტიკურ ოპოზიციას უპირისპირდებოდეს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს არის უკანასკნელი რესურსი ამ ხელისუფლების. ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ამ ფორმით უპირისპირდება ოპოზიციას, არის განწირული", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების აქტივისტებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის - "გაჩერებული საქართველო" ჩატარების საშუალება არ მისცეს. პარტიის ინფორმაციით, მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ ასევე, სურდათ, საზოგადოებისთვის გაეცნოთ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს.

უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს თელავში ძირითადად მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესხნენ თავს, წყალტუბოში - ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები და ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბათუმში - ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები, ანაკლიაში - ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, ასევე ზუგდიდის ფოსტის თანამშრომლები.

"თბილისში კი, ჰაკიმ ფაშას თანასოფლელები", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გუშინდელი აქციების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა".

კომენტარები