ინფრასტრუქტურული პროექტები

ერმაკოვი: აჭარაში შეჩერებულ პროექტებზე უგულავას განცხადება დეზინფორმაციაა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი აჭარაში შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს. ერმაკოვის მტკიცებით, ახალი ბულვარის შემაერთებელი ხაზის მშენებლობა არ შეჩერებულა. მისივე განმარტებით, ხიდის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა, რომელიც "თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო". მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პროექტში მსოფლიო ბანკია ჩართული და კვლევის დასრულების შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება.

"ახალი ბულვარის შემაერთებელი ხაზის მშენებლობა არ შეჩერებულა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ნაპირსამაგრი სამუშაოების პროცესს. ხიდის პროექტი იმ უნიათოდ გაკეთებული პროექტების რიცხვშია, სადაც არ არსებობდა წინასწარი კვლევები. იქ, სადაც ჭოროხი ზღვას ერთვის, არის განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილი, სადაც ფრინველების მიგრაცია ხდება და თევზთან დაკავშირებული პრობლემებიც არის. მსოფლიო ბანკი ჩართულია ამ პროცესში და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლევებს აწარმოებს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამის შემდეგ, მსოფლიო ბანკი მზად არის ამ პროცესებში ჩაერთოს და ხიდი გაკეთდეს. ეს იყო დეზინფორმაცია, შეეძლოთ ეკითხათ და მიეღოთ სწორი პასუხი", - აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.

მან ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობისა და "ტრამპ ტაუერის" პროექტზეც გააკეთა განმარტებები.

"ტრამპ ტაუერის პროექტი არის კერძო, სახელმწიფომ გადასცა მიწის ნაკვეთი ინვესტორს, მაგრამ ერთი თეთრიც არ არის ჩადებული მშენებლობაში. პროექტის განხორციელება არ გაჩერებულა, უფრო მეტიც, არ დაწყებულა მშენებლობა. წყლისა და კანალიზაციის პროექტის მესამე ფაზა დაიწყება მალე, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის რიგი უბნების რეაბილიტაციას სრულად", - თქვა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას განცხადებით, აჭარაში შეჩერებული პროექტების გამო, 2013-2014 წლის ტურისტული სეზონი ჩავარდა გოდერძის უღელტეხილზე, გომარდულსა და ქედლებში. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აჭარაში შეჩერებულ პროექტებზე გიგი უგულავამ დღეს, ბათუმში ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ათიათასობით აჭარელი დასაქმდებოდა, ხოლო ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ობიექტები აშენდებოდა. ეს ყველაფერი კი, მისი თქმით, ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის წინსვლას შეუწყობდა ხელს.

"ეს პროექტებია: ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედანი, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ბათუმის სანაპირო ზოლში, ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბათუმის შემოვლითი გზა და ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება, წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა ჭაობის დასახლებაში და იქ ახალი ასფალტის საფარის დაგება. შეჩერდა „ROAYL CARIBBEAN“-ისა და ქართული მხარის ერთობლივი პროექტი, რაც ბათუმის საზღვაო აკვატორიის გაფართოებასა და ტურისტული ზონის მოწყობას ითვალისწინებდა, ასევე „ტრამპ ტაუერისა“ და იახტ კლუბის მშენებლობა, ბათუმი-ადიგენის საგზაო მაგისტრალი და გოდერძის უღელტეხილზე ახალი გზის მშენებლობა, “Goderdzi Resort“-ის მშენებლობა, ახალი სასტუმროებისა და საბაგირო გონდოლების მონტაჟი", - განაცხადა უგულავამ ბათუმში.

კომენტარები